
კობახიძე: ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლის დანიშვნა მნიშვნელოვანია, მინდა, მადლობა გადავუხადო ალიევს
12/02/2025 15:28:22 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლის დანიშვნა მნიშვნელოვანია" და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მადლობას უხდის.
"ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლის დანიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან ორ ქვეყანას შორის მობილობა გაიზრდება, რაც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ხალხთაშორის ურთიერთობებს. აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ჩვენ გვქონდა ამ თემაზე საუბარი პრეზიდენტ ალიევთან და მას პირადად მინდა, მადლობა გადავუხადო გულისხმიერებისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ მაღალი მობილობა იყოს ჩვენ ორ ქვეყანას შორის, მეგობარ ქვეყნებს შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ამას აქვს ორმხრივად სასარგებლო დატვირთვა როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოგზაურობა საქართველოდან აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან საქართველოში, მათ შორის იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ხალხთაშორის ურთიერთობები, ის ტრადიციული მეგობრობა, რომელიც ჩვენ ორ ხალხს აკავშირებს“, –– განუცხადა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს.
დღეს აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს.