
აშშ, ბრიტანეთი და ავსტრალია რუსულ Zservers-ს სანქციებს უწესებენ
12/02/2025 05:40:32 მსოფლიო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიასთან რუსული ინტერნეტ-ჰოსტინგის Zservers-ის წინააღმდეგ კოორდინაციით სანქციები აამოქმედა. ჰოსტინგი სერვერზე ინფორმაციის განთავსებისთვის რესურესების მიმწოდებელი მომსახურებაა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, Zservers უზრუნველყოფდა გამომძალველთა ინტერნეტ-პროგრამის LockBit-ის მხარდაჭერას და კიბერდამნაშავეებს სპეციალიზებულ სერვერებსა და სხვა კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე წვდომის საშუალებას აძლევდა.
სანქცირებული არიან Zservers-ის ადმინისტრატორები ალექსანდრ მიშინი და ალექსანდრ ბოლშაკოვი.
კიბერდამნაშავეთა დაჯგუფება LockBit, რომლის მხარდაჭერაში Zservers-ს ადანაშაულებენ, ცნობილი გახდა 2021 წელს. დაჯგუფების ჰაკერები ანალოგიური სახელის მქონე ინტერნეტ-პროგრამით ბლოკავდნენ სხვადასხვა კომპანიის კომპიუტერულ სისტემებს და ბლოკის მოსახსნელად თანხებს ითხოვდნენ. ჰაკერების მიერ დაზარალებულთა შორის იყვნენ ბანკები, ბრიტანეთის ფოსტა და კომპანია „ბოინგი“.
2024 წლის მაისში ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს რუსეთის მოქალაქეს 31 წლის დმიტრი ხოროშევს, რომელიც ამერიკელი და ბრიტანელი გამომძიებლების ინფორმაციით, ინტერნეტ-გამომძალველთა დაჯგუფების, LockBit-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელია.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, LockBit-მა თაღლითური პროგრამების მეშვეობით შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში 2000-ზე მეტ ადამიანს გამოსძალა 100 მილიონ დოლარზე მეტი.
შეერთებულ შტატებს 10 მილიონი დოლარის ჯილდო აქვს დაწესებული ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს დმიტრი ხოროშევის დაკავებას.