
მოსკოვში შენიშნეს თვითმფრინავი, რომელიც ტრამპთან დაახლოებულ პირთანაა დაკავშირებული
11/02/2025 18:51:28 მსოფლიო
მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში შენიშნეს თვითმფრინავი, რომლის მფლობელი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის მისამართზე რეგისტრირებული კომპანიაა. ადრე ამავე თვითმფრინავს თავად დონალდ ტრამპიც იყენებდა, - წერს რუსული გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“.
თვითმფრინავ Gulfstream G650ER-ის საფრენი ნომერი - N103WG ფრენების თვალთვალის სერვის ADSBexchange-ით დარეგისტრირდა, ასევე ფიქსირდება Flightradar-ის მონაცემებში.
მედიით გავრცელებულ ამ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურნენ კრემლიც და „როსავიაციაც“. უწყებამ განაცხადა, რომ „განხორციელდა ერთჯერადი ტექნიკური ფრენა ვაშინგტონიდან მოსკოვში, რაც ჰუმანიტარული ურთიერთქმედების ჩვეულებრივი პრაქტიკის ნაწილია“. კრემლში კი აცხადებენ, რომ „არ აქვთ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრის - სტივ ვიტკოფის მოსკოვში შესაძლო ჩასვლის შესახებ და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კონტაქტები არ იგეგმება".
„ჩვენ ვთქვით, რომ ვმუშაობთ გარკვეული არხებით, სხვადასხვა უწყების მეშვეობით ხორციელდება კონტაქტები, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, გააქტიურდა, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია აგვარებს თავის საქმიანობას ვაშინგტონში. ამ შემთხვევაში არაფერია უკრაინის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით“, განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვში დაეშვა, ეკუთვნის კომპანიას, რომლის საკონტაქტო მისამართი ემთხვევა სტივენ უიტკოფის კუთვნილი THE Witkoff GROUP-ის ერთ-ერთი კომპანიის საკუთრებაში არსებული სახლისას.
ტრამპმა 2021 წელს ამ თვითმფრინავით ორლანდოსა და ტეხასში იფრინა, 2024 წლის დეკემბერში კი პარიზში ჩაფრინდა ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე. სხვადასხვა დრპს გამოცემები "Times" და "Politico" ასევე იტყობინებოდნენ, რომ ტრამპი Gulfstream G6 სერიის თვითმფრინავს იყენებდა.