
ექიმის თქმით, გაბიტაშვილს თავის ტვინის შერყევა აქვს
11/02/2025 09:18:22 საზოგადოება
მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს, ტვინის შერყევა აღენიშნება. ამის შესახებ მედიას ინგოროყვას კლინიკის ექიმმა განუცხადა.
„მისი გადმოცემით, სახლიდან გამოსვლის დროს თავს დაესხა სამი პირი, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მისი გადმოცემით, ურტყეს თავში, სახეში, გულ-მკერდის არეში. შემოსვლისას ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, შევთავაზეთ ჰოსპიტალიზაცია, თუმცა აცხადებს უარს და ამბობს, რომ ხელწერილის საფუძველზე დატოვებს კლინიკას”, – განაცხადა ექიმმა.
ლაშა გაბიტაშვილს დღეს დილით თბილისში სამი ნიღბიანი დაესხა თავს.
„ჩამოვედი, ბრუნო [ძაღლი] ჩამოვიყვანე და თავს დამესხა სამი ნიღბიანი, კამერები არის. ვერავის ვერ შეაშინებთ, დრო არის, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და ის ხალხი, ვინც ციხეშია, გამოუშვან”, – ყვება ის ვიდეომიმართვაში.
ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში „ოცნების“ წევრებთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებული იყო. 12 იანვარს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ის „ქართული ოცნების” წევრებთან მიდის და პროტესტს გამოხატავს. მოგვიანებით მას "ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ლაშა გაბიტაშვილმა დაადასტურა, რომ „ოცნების“ წევრებს და მას ერთი და იგივე ბრალდება ჰქონდათ წარდგენილი და ჯარიმა დაეკისრათ.
გაბიტაშვილის თქმით, „ოცნების“ წევრები დიპლომატიური პასპორტით და დეპუტატის იმუნიტეტის სარგებლობას ცდილობდნენ, თუმცა არ გამოუვიდათ.