
10 საერთო მახასიათებელი 3 სისხლის სამართლის საქმეში
10/02/2025 12:25:05 საზოგადოება
უფლებადამცველებმა შეისწავლეს პროევროპული აქციების სამი მონაწილის - გიორგი ახობაძის, ნიკოლოზ კაციას და ანტონ ჩეჩინის სისხლის სამართლის საქმეები და გამოკვეთეს მთელი რიგი საერთო მახასიათებლები, რაც მათ უჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ პირების მიმართ ადგილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების ჩადებას.
სამივე მათგანი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით (იმავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
საერთო მახასიათებლები სამ სისხლის სამართლის საქმეში უფლებადამცველების მიხედვით:
- სამივე შემთხვევაში გამოძიება დაწყებულია ე.წ. „კონფიდენციალური წყაროს“ მიერ მოწოდებული „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე, რომლის სანდოობისა და რეალურობის შემოწმება არ ხდება. "ამ წყაროს სანდოობას ადასტურებს მხოლოდ პოლიციელის ჩვენება, რომლის მტკიცებულებად გამოყენება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, დაუშვებელია";
- სამივე პირის პირადი ჩხრეკა, ასევე, საცხოვრებელი სახლის, ავტომანქანის თუ სხვა მფლობელობის ჩხრეკა სამივე შემთხვევაში ჩატარებულია არა სასამართლოს წინასწარი თანხმობით, არამედ ე.წ. “გადაუდებელი აუცილებლობის” საფუძვლით, გამომძიებლის დადგენილებით, სადაც არაა დასაბუთებული რატომ იყო საჭირო გადაუდებლად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;
- ყველა ასეთი გადაუდებელი ჩხრეკა სასამართლოს მიერ კანონიერად არის ცნობილი. უფლებადამცველები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ პოლიციის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ "სასამართლო ყოველთვის კანონიერად მიიჩნევს მათ მიერ ჩატარებულ მოქმედებას, მიუხედავად იმისა ჩხრეკა ჩატარებულია კანონიერად თუ კანონის დარღვევით";
- სამივე საქმეში, ბრალდებულებისაგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტს ადასტურებენ მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები და სხვა, მათთან დაახლოებული პირები, რომლებსაც აქვთ საქმის ბრალდების სასარგებლოდ გადაწყვეტის ინტერესი;
- სამივე ბრალდებულის ჩხრეკა ჩატარებულია მოწმეების დასწრების გარეშე, რაც "ობიექტურ დამკვირვებელს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებაში ვერ დაარწმუნებს". ახობაძისა და კაციას შემთხვევაში "ნეიტრალური მოწმეები - ერთ შემთხვევაში ბრალდებულის თანამგზავრი და მეორე შემთხვევაში ტაქსის მძღოლი იმყოფებოდნენ ბრალდებულებთან ერთად, თუმცა პოლიციამ ისინი ჩხრეკას არ დაასწრეს";
- სამივე ბრალდებულის ჩხრეკა ჩატარებულია ვიდეოჩაწერის ტექნიკური საშუალებების გამოყენების გარეშე. ვიდეოჩანაწერის არსებობა იქნებოდა მნიშვნელოვანი და ნამდვილი მტკიცებულება იმისა, რომ ნარკოტიკული საშუალება ნამდვილად ბრალდებულებს ჰქონდათ;
- "სასამართლო კონტროლი ჩხრეკა-ამოღების პროცესზე უკიდურესად ფორმალურ და არაეფექტიან ხასიათს ატარებს. სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკა-ამოღების კანონიერად ცნობის თაობაზე გამოაქვს ზეპირი მოსმენის გარეშე, ყველა საეჭვო გარემოების უგულებელყოფით, მხარეთა მონაწილეობის გარეშე, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების უგულებელყოფით";
- "არც ერთ საქმეში არ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს ბრალდებულების მიერ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტს. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის პირდაპირი მოთხოვნის მიუხედავად, მას არ ჩაუტარა გამოძიებამ ნარკოლოგიური შემოწმება";
- საქმეებში საგამოძიებო ორგანოების მიერ დაუსაბუთებლად არ დაკმაყოფილდა ბრალდებულის ადვოკატების შუამდგომლობები ისეთი მტკიცებულებების მოპოვების შესახებ, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეებზე ჭეშმარიტების დასადგენად და ბრალდებულების უფლებების დასაცავად;
- "როგორც პროტესტის სხვა მონაწილეების შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა ამ საქმეებშიც არ იქნა ჯეროვნად დასაბუთებული არც პროკურორის და არც სასამართლოს მიერ”.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განმარტა, საქმეები შეფასდა ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის პროცესში საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და მართლმსაჯულების სისტემაში ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებული "უკანონო პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, რაც არაერთხელ გამხდარა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უარყოფითი შეფასების საგანი".
"აღნიშნული პრაქტიკა გადაულახავ პრობლემად რჩება საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც ამგვარი უკანონო პრაქტიკის მსხვერპლნი გახდნენ. ყოველივე ეს განპირობებულია პირველ რიგში იმით, რომ ათწლეულებია სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკური დევნის იარაღად გამოიყენება.
აღნიშნული საქმეების შესწავლით აშკარად ჩანს, რომ მმართველი პარტიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამართალდამცავი უწყებების მიზანია არა ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა, არამედ სამართლიანი სამოქალაქო პროტესტის ჩახშობა და სამოქალაქო აქტივისტების დევნა მათ მიმართ ნარკოტიკების შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით ფალსიფიცირებული სისხლის სამართლის საქმეების შეკერვის გზით. ცხადია, ასევე მიზანი საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაცია, პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ შურისძიება და საზოგადოების დაშინებაა",- თქვა გიგაურმა და დასძინა, "მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს არაერთი საქმე აქვს წაგებული სწორედ ნარკოტიკების „ჩადების“ გამო და ამ პრობლემის გადაწყვეტას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც შეეცადა, ეს მავნე ტრადიცია გრძელდება ზუსტად ისეთი ფორმებით, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში აქვს წესად დანერგილი სამართალდამცავ ორგანოებს".
უფლებადამცველები ასევე აქვეყნებენ იმ პირების სიას, რომლებიც, მათი თქმით, პასუხისმგებელნი არიან სამოქალაქო აქტივისტების მიმართ სამართლებრივ დევნაზე:
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები:
- ლევან ტაბიძე
- ალექსი კობერიძე
- რევაზ ზირაქაშვილი
- გიორგი ხარგელია
- გიორგი გურეშიძე
- გიორგი ლობჟანიძე
- გრიგოლ კაჭკაჭიშვილი
- პაატა მჭედლიშვილი
- ლაშა თავაძე
- ემილ კუპრავა
- მირზა ჯაფარიძე
- ლაშა ხარხელაური
- გიორგი როსოფიძე
- არჩილ ნაცვლიშვილი
- ედგარ ოგანესიანი
- გიორგი ჩიკვაიძე
- ზურაბ რუსიშვილი
პროკურორები:
- შმაგი გობეჯიშვილი
- ნუგზარ ჭიტაძე
მოსამართლეები:
- არსენ კალატოზიშვილი
- სპარტაკ პავლიაშვილი
- ლელა მარიდაშვილი
- ირაკლი ხუსკივაძე
- თამარ მჭედლიშვილი
- მზია გარშაულიშვილი
- ნანა შამათავა