
2024-ში უცხოეთში საქართველოდან 2.8 მლნ გასვლა აღირიცხა: სად და რა მიზნით განახორციელდა ვიზიტები
10/02/2025 10:48:55 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 1.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. ამ 2.8 მილიონ მოგზაურს შორის 15 წელზე უფროსი 2.2 მილიონი იყო, შესაბამისად, მათ სტატისტიკა ვიზიტორად აღრიცხავს.
გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.7 პროცენტი განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
საქსტატის ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 0.1 პროცენტით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
რეზიდენტი ვიზიტორების ვიზიტები ორ კატეგორიად იყოფა, ესენია საექსკურსიო ვიზიტი და ტურისტული ვიზიტი. საექსკურსიო ვიზიტი არის ყველა ვიზიტი მათი დანიშნულების მიუხედავად, თუკი ვიზიტის ხანგრძლივობა 24 საათზე ნაკლებს შეადგენდა, ხოლო ტურისტული დანიშნულების ვიზიტია ყველა ვიზიტი, თუკი ვიზიტის ხანგრძლივობა 24 საათს აღემატებოდა. 2.2 მილიონ რეზიდენტ ვიზიტებს შორის 785 ათასი ვიზიტის ხანგრძლივობა 24 საათზე ნაკლები იყო და საექსკურსიო ვიზიტს წარმოადგენდა, ხოლო ტურისტული ხასიათის ვიზიტი 1.46 მილიონს შეადგენდა, რაც წლიურად 7.7%-ით არის გაზრდილი.
სად და რა მიზნით განახორციელდა ვიზიტები
საქსტატის მონაცემებით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში.
2024 წელს საქართველოდან განხორციელებული ვიზიტების სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით
- თურქეთი – 871,000 ვიზიტი (-14%)
- რუსეთის ფედერაცია – 425,000 ვიზიტი (+46%)
- ევროკავშირის წევრი ქვეყნები – 379,000 ვიზიტი (+13%)
- სომხეთი – 282,000 ვიზიტი (-19%)
- აზერბაიჯანი – 50,000 ვიზიტი (+11%)
- სხვა ქვეყნები – 321,000 ვიზიტი (+7%)
ამასთან, უწყების ინფორმაციით, 2024 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 33.4 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
საზღვარგარეთ მოგზაურობის მთავარ მიზნებად გამოიკვეთა:
- მეგობრებისა და ნათესავების მონახულება – 33.4%
- საყიდლები – 33.1%
- დასვენება, გართობა და რეკრეაცია – 18.6%
- პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობა – 10.4%
- მკურნალობა და გაჯანსაღება – 2.2%
საქსტატის ცნობით, 2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 11.3 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წელთან შედარებით 11.2 პროცენტით გაიზარდა და 1 007.9 ლარი შეადგინა.