
საია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შეისწავლოს შსს-ს მიერ სახის ამომცნობი კამერების გამოყენების პრაქტიკა
10/02/2025 10:39:03 საზოგადოება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოუწოდებს, შეისწავლოს შსს-ს მიერ სახის ამომცნობი კამერების გამოყენების პრაქტიკა.
მისი ცნობით, "უწყებამ უნდა შეისწავლოს რამდენად კანონიერად ხორციელდება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცულ ინფორმაციაზე სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაშვება და თავსებადია, თუ არა დაშვების დონეები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან".
„შეკრების უფლების დარღვევის მზარდი პრაქტიკის გათვალისწინებით, საია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, დაუყოვნებლივ განახორციელოს ინსპექტირება შინაგან საქმეთა სამინისტროში და შეისწავლოს:
წინასწარ განხორციელდა თუ არა მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება და რამდენად აღირიცხება მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებები, ასევე, რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონს უსაფრთხოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები;
რამდენად კანონიერად ხორციელდება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცულ ინფორმაციაზე სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაშვება და თავსებადია, თუ არა დაშვების დონეები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.