საქართველო ამ ეტაპზე მიმოსვლის შეწყვეტას არც იტალიასთან და არც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან გეგმავს
25/02/2020 13:40:46 საზოგადოება
საქართველოს ხელისუფლება მიმოსვლის შეზღუდვას ჯერ–ჯერობით არც იტალიასთან და არც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ განუცხადა.
„ამ დროისთვის მაღალი რისკის ქვეყნებად რჩებიან ჩინეთი, სამხრეთ კორეა და ირანი. შესაბამისად, საქართველომ ამ მიმართულებით უკვე მიიღო აქტიური პრევენციული ღონისძიებები ფრენების შეზღუდვის და საზღვრების კონტროლის თვალსაზრისით. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მათთან მოძრაობა შეუზღუდავია. თუმცა, ამავე დროს, ვფიქრობთ, მეტად გამკაცრდეს სასაზღვრო პუნქტებში როგორც მონიტორინგის ღონისძიებები, ასევე მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის კარანტინის ზომები“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
კორონავირუსის (COVID-19) გამო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გუშინ მოქალაქეებს ირანში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და იტალიაში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 80 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 100–მდე ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 663-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით უკვე 30–ზე მეტი ადამიანი გარდაცვლილი.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსის მზარდი რისკის გამო საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს.


