საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს

24-02-2020 13:53:08 საზოგადოება

საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"რიგი ღონისძიებები, მათ შორის თერმოსკრინინგი, რომელიც საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე ხორციელდებოდა, ახლა უკვე ირანიდან (უკანასკნელი ორი კვირის მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებს) ჩამოსულებსაც შეეხებათ. ამასთან, შესაძლოა, იგივე ღონისძიებები სხვა ქვეყნებიდან (სადაც კორონავირუსით დასნებოვნების შემთხვევების რაოდენობა დიდია) საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებზეც გავრცელდეს", – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, საქართველოსთვის მეტ საფრთხეს ეხლა ირანი წარმოადგენდეს:

"ჩვენ ირანთან საზღვარი არ გვაქვს, თუმცა ის ჩვენთან ძალიან ახლოს არის და ძალიან ინტენსიური ტურისტული და ბიზნეს–ურთიერთობები გვაკავშირებს. ამიტომაც მიიღო დაუყოვნებლივი გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ინფექციის შემოტანის რისკი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, უკვე ხვალ საქართველოს მთავრობა ხელს მოაწერს ახალ განკარგულებას და ქვეყანაში დაავადების შემოტანის პრევენციისთვის მორიგი ნაბიჯები გადაიდგმება.

"ამ ეტაპზე ოთხი ინფექციური საავადმყოფოა (თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის) გამოყოფილი, თუმცა დიდი დატვირთვის შემთხვევაში არსებობს სხვა გეგმაც. სალიცენზიო პირობებით ყველა საავადმყოფოს ევალება, რომ ჰქონდეს შესაბამისი ბოქსირებული პალატები და ე.წ. შიდა გეგმები, თუ როგორ უნდა იმოქმედონ გადაუდებელი სიტუაციების შემთხვევაში", – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.

ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსს 2 619 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 79 000. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. "COVID-19" მსოფლიოს 27–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები