Accentnews.ge
რუსეთში, ვოლგოგრადში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთში, ვოლგოგრადში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

31/01/2025 05:20:34 მსოფლიო

რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ იუწყებიან. ერთ-ერთი სამიზნე ვოლგოგრადში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.

ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათისთვის ვოლგოგრადის არაერთმა მცხოვრებმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერი აფეთქებები მოხდა ქალაქის იმ რაიონში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ნავთობის საცავი და თბოელექტროსადგური მდებარეობს.

დღეს დილის ცხრის ნახევრისთვის ვოლგოგრადის საოლქო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული დრონის ნამსხვრევებმა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გამოიწვია ხანძარი, რომელიც „ოპერატიულად ლიკვიდირებულია". ადმინისტრაციის თანახმად, დაშავდა ქარხნის ერთი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში რომელიც კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის, ხანძარი იყო 15 იანვარსაც.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა „ლუკოილის“ ქარხანას 29 იანვარს დრონებით შეუტიეს ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოშიც.

გარდა ამისა, დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდნენ რუსეთის ვორონეჟის, როსტოვის და იაროსლავის ოლქების გუბერნატორები.

ვორონეჟის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, დაშავდა ერთი ადამიანი და დაზიანებულია ერთ-ერთი საწარმოს შენობა. კონკრეტულ საწარმოს გუსევი არ ასახელებს.

როსტოვის ოლქზე დრონებით მასირებული შეტევისა და ერთ-ერთ რაიონში ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების შესახებ იუწყებოდა რეგიონის გუბერნატორი იური სლუსარი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა თანახმად, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს 49 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 25 როსტოვის ოლქში, 8 - ვოლგოგრადში, 6 - კურსკის ოლქში, 4 - იაროსლავის ოლქში და 2-2 - ბელგოროდის და ვორონეჟის ოლქებსა და კრასნოდარის მხარეში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S