Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 23-26 იანვარი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 23-26 იანვარი

30/01/2025 14:05:38 კონფლიქტები

რუსულმა კვლევითმა ცენტრმა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა ჩაატარა

23 იანვარს აფხაზეთში მცხოვრებ ასობით ადამიანს უცნობმა პირებმა დაურეკეს და „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით კითხვები დაუსვეს, რამაც საზოგადოებაში გარკვეული შეშფოთება და აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნული გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის მიზნით რუსულმა კვლევითმა ცენტრმა დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ჩაატარა.

გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, გამოკითხულთა ხმები „საპრეზიდენტო კანდიდატებს“ შორის ასე განაწილდა: ბადრა გუნბა - 32%, ადგურ არძინბა - 15%, ოლეგ ბარციცი - 7%, რობერტ არშბა - 5%, ადგურ ხურხუმალი - 5%, ყველას წინააღმდეგ - 4%. აღსანიშნავია, რომ 34%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა „გაუჭირდა“.

გამოკითხვის ერთ-ერთი საკითხი რუსეთისადმი დამოკიდებულებას ეხებოდა. როგორც ანალიტიკური ცენტრი იუწყება, გამოკითხულთა 91% რუსეთის მიმართ დადებითად არის განწყობილი, ხოლო 2% - უარყოფითად.

სატელეფონო გამოკითხვაში ჯამში 1634-მა მაცხოვრებელმა მიიღო მონაწილეობა.

კვლევის ჩატარების ფაქტს და მის შედეგებს აფხაზეთში დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის გარდა, კრიტიკული განცხადება თავად დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ „სოციოლოგიური გამოკითხვა არ იყო შეთანხმებული აფხაზეთის სტატისტის სახელმწიფო კომიტეტთან და შესაბამისად, ის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა“. უწყებამ მოსახლეობას მსგავს გამოკითხვებში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

სოხუმში ე.წ. საზღვარზე საქონლის გადაადგილების შესახებ ბჟანიას განკარგულების გაუქმებას ითხოვენ

აღნიშნული მოთხოვნით დე ფაქტო პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ვალერი ბგანბას ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“-მ მიმართა. კერძოდ, ორგანიზაციის წევრები აღნიშნავენ, რომ 2023 წელს აფხაზეთის მაშინდელმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ “ცალმხრივად გახსნა აფხაზეთის საბაჟო საზღვრები ქართული საქონლის ფართო სპექტრისთვის”, რაც, მათივე მტკიცებით, „არა მხოლოდ ეწინააღმდეგება აფხაზეთის ინტერესებს და ზიანს აყენებს მის ეკონომიკას, არამედ ძირს უთხრის საზოგადოების მორალურ და ეთიკურ საფუძვლებს და არ შეესაბამება რუსეთ-აფხაზეთის მეგობრული ურთიერთობების სულისკვეთებას“.

ამავე განცხადების თანახმად, აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნერგებს თბილისიდან ყიდულობს და შესყიდვის ღირებულებამ ორი წლის განმავლობაში 42 მილიონი რუბლი შეადგინა. „ეს ჩვენი სახელმწიფოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე ქართველი ფერმერების მხარდაჭერას წარმოადგენს”, - აცხადებენ „არუაა“-ს წევრები.

ორგანიზაცია მოუწოდებს დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ეს “ანტისახალხო გადაწყვეტილება” უმოკლეს ვადებში გააუქმოს.

აღსანიშნავია, რომ „არუაა“ მხარს უჭერს ოპოზიციის „საპრეზიდენტო კანდიდატს“ ადგურ არძინბას, რომელიც საინვესტიციო შეთანხმების წინააღმდეგ მასშტაბური პროტესტების ორგანიზების გამო კრემლში ანტი-რუსული პოლიტიკის გამტარებელ კანდიდატად მიიჩნევა.

2023 წლის 31 მარტს ასლან ბჟანიამ გამოსცა ბრძანება, რომლითაც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გარკვეული სახის პროდუქციის შეტანა ნებადართული გახადა. კერძოდ, ცვლილებები ითვალისწინებდა ერთ და მრავალწლიანი კულტურების ნერგების, სათესლე მასალების, ცოცხალი შინაური ფრინველის, პირუტყვის საკვების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ასევე საავტომობილო ტრანსპორტის, სათადარიგო ნაწილებისა და ზეთების ტრანსპორტირების შესაძლებლობას.

ოჩამჩირეში რუსული თანადაფინანსებით რძის ქარხანა აშენდება

რუსეთის შეღავათიანი კრედიტის პროგრამის ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში რძის პროდუქტების მწარმოებელი ქარხნის აშენება იგეგმება.

საწარმოს ერთ-ერთი თანამფლობელის, ბათალ ძიაფშბას განცხადებით, შესაბამისი აღჭურვილობა იტალიაში შეუკვეთეს და მას მარტის ბოლოსთვის ელოდებიან. მისივე თქმით, ქარხნის თანამშრომლებს, ერთი წლის განმავლობაში პარმიდან მოწვეული ექსპერტები გადაამზადებენ. გარდა ამისა, ორი მომავალი თანამშრომელი უკვე გაგზავნილია მოსკოვში ლიანოზოვის რძის კომბინატში საჭირო უნარების შესაძენად.

გავრცელებული ინფორმაციით, ქარხნის წარმოებული პროდუქცია (არაჟანი, რძე, კეფირი, იოგურტი) ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო ნედლეულის შესყიდვა ადგილობრივი ფერმერებისგან მოხდება. ქარხანა მუშაობას ივლისში დაიწყებს და მასში 70-მდე პირი იქნება დასაქმებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S