
CNN: ვაშინგტონთან სამგზავრო თვითმფრინავი და სამხედრო ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახნენ, ორივე მდინარე პოტომაკში ჩამოვარდა, არის მსხვერპლი
30/01/2025 06:53:26 მსოფლიო
შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონთან ავიაკატასტროფა მოხდა.
CNN–ის ცნობით, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად ჰაერში ერთმანეთს შეეჯახნენ ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier CRJ700 და შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი Black Hawk.
CNN-ის ინფორმაციით, შეჯახება მაშინ მოხდა, როცა სამგზავრო თვითმფრინავი აეროპორტის დასაფრენ ბილიკს უახლოვდებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა.
სამგზავრო თვითმფრინავი კანზასის შტატიდან ასრულებდა უიჩიტა-ვაშინგტონის რეისს.
თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდნენ, ხოლო ვერტმფრენში - 3 სამხედრო. შეჯახების შემდეგ ორივე მდინარე პოტომაკში ჩამოვარდა.
"სამართალდამცავი უწყებებიდან წყაროებმა განაცხადეს, რომ არის მსხვერპლი, თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ დაღუპულთა რაოდენობა", – იუწყება CNN.
ოფიციალური ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერ–ჯერობით არ გავრცელებულა.
კატასტროფის რაიონში მიმდინარეობს მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც კატერები და მყვინთავები მონაწილეობენ.
რეიგანის სახელობის აეროპორტი დროებით დაიკეტა.