
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“: საზოგადოებრივი მაუწყებელი კონსტიტუციურ ვალდებულებას არღვევს
29/01/2025 14:36:27 საზოგადოება
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი „ქართული ოცნების“ გავლენის გამო ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურ და სრულფასოვან გაშუქებას და შესაბამისად, ვერ ასრულებს კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ვალდებულებებს.
კოალიცია მაუწყებელს ფაქტების მიკერძოებულ გაშუქებაში ადანაშაულებს.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობა უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავს “ქართული ოცნების” მიერ მიტაცებული არჩევნების, წამების, მასობრივი ძალადობის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისა და პოლიტიკური პატიმრების გამო. ამ კრიტიკულ პერიოდში მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა მიზანმიმართულად უგულებელყოფს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქებას და ცხადად წარმოაჩენს “ქართული ოცნების” მიმართ აშკარა მიკერძოებას“, - წერია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, არსებულ ვითარებაში აუცილებელია, თანამდებობა დატოვონ მაუწყებლის ხელმძღვანელმა პირებმა:
„აუცილებელია ცენზურის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და ჟურნალისტების პროფესიული დამოუკიდებლობის სრული უზრუნველყოფა. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების, სამეურვეო საბჭოსა და თანამშრომელთა ნაწილის სამართლიანი მოთხოვნების სათანადო გათვალისწინება პროგრამული პოლიტიკის შემუშავებისას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მედიის თავისუფლებას, არამედ მთლიანად დემოკრატიულ პროცესს საქართველოში“.
29 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქცია იმართება - დემონსტრანტები თავისუფალ ეთერს მოითხოვენ.