
მარიამ სიჭინავა კვლავ დააჯარიმეს, ამჯერად საბავშვო ნიღბის ტარების გამო
29/01/2025 09:23:39 საზოგადოება
"დროას" წევრი მარიამ სიჭინავა სასამართლომ საბავშვო ნიღბის ტარების გამო 2 000 ლარით კიდევ ერთხელ დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჭაბუკიანმა მიიღო.
სიჭინავა სასამართლო პროცესს, რომელიც დღეს 12:00 საათზე გაიმართა, არ ესწრებოდა.
სიჭინავა აქამდე ოთხჯერ იყო დაჯარიმებული აქციებზე ნიღბის ტარებისა და პიროტექნიკის გამო.
თავდაპირველად, სიჭინავა 13 იანვრის ღამეს ზუგდიდში დააკავეს, საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის ფლობის გამო. იგი 5 000 ლარით დააჯარიმეს. განმეორებით სიჭინავა იმავე ადგილას 16 იანვარს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მაშინ აქტივისტებმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან ფეიერვერკები ისროლეს. სიჭინავა ამჯერადაც 5 000 ლარით დაჯარიმდა. 24 იანვარს სიჭინავა ბალაკლავის ტარების გამო დააჯარიმეს 2 000 ლარით, ხოლო 27 იანვარს - შარფის ტარების გამო.