
ბიუჯეტიდან "გამქრალი" მილიონობით ლარი და პასუხგაუცემელი კითხვები
24/02/2020 13:27:47 ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და რიგმა «ოცნებელმა» დეპუტატებმა მთავარი საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტისადმი უპატივცემულობის გადაფარვა დამოუკიდებელი დეპუტატების დისკრედიტირებით სცადეს, თქვეს რა, რომ მიზანი „საცირკო სანახაობა“ იყო, არგუმენტად კი „მინისტრის საათის“ ფორმატში მაჭავარიანის პარლამენტში ვიზიტი მოიშველიეს.
ინფორმაციისთვის: მინისტრის საათისგან განსხვავებით, საკომიტეტო მოსმენა დეპუტატებს შესაძლებლობას აძლევთ, ჩაუღრმავდნენ საკითხს, დასვან დეტალური კითხვები და მიიღონ პასუხები. ამდენად, ხსენებული ფორმატი მოპასუხეს ნაკლებ გზას უტოვებს, კითხვებს გაექცეს და ზოგადი პასუხებით შემოიფარგლოს.
რაც შეეხება კითხვებს, ისინი უმთავრესად სახელმწიფო ბიუჯეტიდან „გამქრალ“ მილიონობით ლარს და სავარაუდო ელიტურ კორუფციას ეხება, მათ შორის ე.წ. „დღგ-ის საქმეს“, რომელიც მედიაში “საუკუნის ქურდობად“ მოინათლა. საქმის ფარგლებში დაკავებულმა გოჩა ბახიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მთავარი ფიგურა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. საქმესთან კავშირში არიან ფარცხალაძის მოადგილე და ახლა უკვე უვადო მოსამართლე მამუკა ვასაძე, ასევე ფინანსური პოლიციის უფროსი სოსო რამიშვილი.
„ეს არის ხალხის ფული, რომელიც გარკვეულმა ჯგუფებმა ბიუჯეტიდან აიღეს და ჯიბეში ჩაიდეს. გარდა ამისა, რიგ ტელევიზიებს („რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იმედი“) 57 მილიონ ლარამდე თანხა არ გადაუხდიათ. ეს თანხები ბიუჯეტიდან თავხედურადაა მოპარული. მსგავს მასშტაბებს შევარდნაძის დროსაც კი არ ჰქონია ადგილი. ფაქტია, რომ ეს ფინანსთა მოქმედი მინისტრის და მისი წინამორბედის დროს მოხდა. ამ მოვლენების დროს შემოსავლების სამსახურის უფროსი და ფინანსური პოლიცია სად იყვნენ? მოქალაქეებისთვის თვალის ახვევის მიზნით მიდის რაღაც პროცესი, თითქოს დაკავებული ჰყავთ რამდენიმე ადამიანი, მაგრამ არა ისინი, ვინც ფული მოიპარა“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე, რომელიც მინისტრისთვის დღეს კონკრეტული კითხვების დასმას გეგმავდა.
დეპუტატი საქმის ირგვლივ მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და განმარტავს, რომ ძიების პროცესში „მაღალჩინოსნებს აფარებენ ხელს, რომელთა მონაწილეობის გარეშეც რამდენიმე მილიონის მითვისება ვერ განხორციელდებოდა“.
„სიგნალიზაცია ვიღაცამ იმ მიზნით „გამორთო“, რომ შენობაში ქურდები შესულიყვნენ. ამ პირთაგან პასუხისგებაში არავინაა მიცემული, არც საქმეა მათ წინააღმდეგ აღძრული. ვინ გამორთო სიგნალიზაცია? კანონითაა განსაზღვრული, თუ ვინაა მსგავსი თემების დროს გადაწყვეტილების მიმღები: ფინანსთა მინისტრი, შემოსავლების სამსახურის უფროსი. გამოძიებამ სწორედ მათთან უნდა ისაუბროს, მაგრამ არ საუბრობს. რატომ? როგორც ჩანს, ვიღაცამ ამ ადამიანებს დავალება მისცა, რომ თვალი დახუჭონ, გამოძიება კი ბრძანების გამცემებს ემსახურება“.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დეპუტატებისთვის სადავოა, თამბაქოს აქციზსს ეხება. ამ კონტექსტში გაიჟღერა ბიზნესმენ ვანო ჩხარტივილის სახელმა და გვარმა, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის - ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრად მოიაზრება:
„აქციზების საკითხით პროცედურულად ისე ხდება მანიპულირება, რომ ამით მხოლოდ ერთი ჯგუფი სარგებლობს ვანო ჩხარტიშვილის მეთაურობით. ანუ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კონკრეტულმა ჯგუფმა დაბეგრვის ისეთი რეჟიმი მიიღოს, რომ უპირატეს მდგომარეობაში ჩადგეს და ფინანსური სარგებელი მიიღოს. ამას ელიტური კორუფცია ჰქვია: სახლისუფლებო ძალები გაერთიანებულნი არიან ამ ჯგუფებთან, ხოლო ეს ჯგუფები თამაშის წესებს ჰკარნახობენ. დღეს მინისტრები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან არიან პასუხისმგებლები. რასაც ის და მასთან დაახლოებული ჯგუფები ეუბნებიან, იმას ასრულებენ მინისტრები და ესაა მთავარი პრობლემა. ამიტომ ვერ მოდის მინისტრი ჩვენთან. თუ ის ლაპარაკს დაიწყებს, სიმართლე უნდა თქვას, თუ არა და მაშინ თვითონაც დამნაშავეა“.
დღეს კომიტეტის არშემდგარ სხდომაზე დასწრებას აპირებდა „ტვ პირველის“ გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლიაც.
„თქვენ ვალდებული ხართ, 55 მილიონი დაუბრუნოთ ამ გაჭირვებული ქვეყნის ბიუჯეტს“,– მიმართა მედიის საშუალებით მედიამენეჯერმა ფინანსთა მინისტრს, ვინაიდან კითხვის პირადად დასმის შესაძლებლობა ამჯერად არ მიეცა.
„ტვ პირველს“ ორი კვირით არ გადაგვივადეს დავალიანება და იძულებულები გავხდით, ბანკიდან კრედიტი აგვეღო, რადგან კეთილსინდისიერი გადამხდელები ვართ. ეს თანხა კი მინიმალურია იმასთან შედარებით, რაც ვალად აქვთ იმ ტელევიზიებს, რომლებიც დითირამბებს უმღერიან ხელისუფლებას. თუ „ტვ პირველმა» აიღო კრედიტი, სხვა ტელევიზიებმა რატომ არ უნდა აიღონ?! მინდა, იმ ადამიამებს ვივმართო, სამსახურს რომ ვერ პოულობენ, წამალს, ბავშვებისთვის საჭირო სასკოლო ნივთებს ვერ ყიდულობენ ... 55 მილიონს პატიობს იმ ტელევიზიებს, რომლებიც გადაბრდღვიალებული სტუდიებიდან მაუწყებლობენ. 55 მილიონი ბიუჯეტს რომ დაუბრუნდეს, შესაძლებელია, მათთვის ბევრი კარგი რამ გაკეთდეს, მაგრამ არა, არჩევნები მოდის და ეს ტელევიზიები სჭირდება ხელისუფლებას იმისთვის, რომ არჩევნები როგორმე მოიგოს“,– ამბობს გრიგოლია.