
ისრაელმა ღაზას მოსახლეობას სექტორის ჩრდილოეთისკენ გაუხსნა გზა
27/01/2025 09:58:16 მსოფლიო
ისრაელმა ღაზას სექტორის მაცხოვრებლებისთვის სექტორის ჩრდილოეთისკენ გახსნა გზა მას შემდეგ, რაც პალესტინურმა რადიკალურმა დაჯგუფება "ჰამასმა", პირობა დადო, რომ 31 იანვრისთვის გაათავისუფლებს 3 მძევალს, რომელიც მძევლად 2023 წლის 7 ოქტომბერს აიყვანა.
პირდაპირ ტრანსლაციაში, რომელსაც საერთაშორისო მედია გადასცემს, ჩანს, რომ ათასობით პალესტინელი ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილისკენ ძირითადად ფეხით მიემართება.
ბევრი მათგანი იძულებული გახდა, თავიანთი სახლები დაეტოვებინა ერთ წელზე მეტი ხნის წინ, როდესაც "ჰამასის" მიერ ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის სამხედრო ოპერაცია დაიწყო. შენობების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით სექტორის ჩრდილოეთით განადგურებულია და ხალხი ფაქტობრივად ნანგრევებს უბრუნდება. საერთო ჯამში მოსალოდნელია სექტორის დაახლოებით, 650 ათასი მაცხოვრებლის დაბრუნება ჩრდილოეთში.
ისრაელი რომ სექტორის ჩრდილოეთისკენ გაუხსნიდა გზას ღაზას მოსახლეობას, ეს გათვალისწინებულ იყო ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებით, რომელსაც მხარეებმა შუამავლების მეშვეობით იანვრის შუა რიცხვებში მიაღწიეს.
ბოლო ინფორმაციით, ღაზაში რჩება 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის დროს გატაცებული 90 ადამიანი. რამდენიმე ათეული მათგანი სავარაუდოდ, დაღუპულია. იმ მძევლების სიაში, რომლებიც "ჰამასმა" უნდა გაათავისუფლოს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მოქმედების პირველ ეტაპზე, 33 ადამიანი შედიოდა. ამ მომენტისთვის გათავისუფლებულია შვიდი მათგანი. საპასუხოდ ისრაელი თავისი ციხეებიდან მთლიანობაში ათავისუფლებს ორი ათასამდე პატიმარს.
7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს 1200-მდე ადამიანი დაიღუპა და 250-მდე მძევლად აიყვანეს. საპასუხო სამხედრო კამპანიის დროს, რომელიც ისრაელმა წამოიწყო ღაზაში, პალესტინელთა მხარის ცნობით, სექტორის დაახლოებით 47 ათასი მცხოვრები დაიღუპა, ხოლო ისრაელის არმიამ რამდენიმე ასეული ადამიანი დაკარგა.