
ტრამპმა კოლუმბიისთვის 25%-იანი საბაჟო გადასახადის და სანქციების ამოქმედება შეაჩერა
27/01/2025 05:34:54 მსოფლიო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კოლუმბიისთვის 25%-იანი საბაჟო გადასახადის ამოქმედება შეაჩერა. აღნიშნული გადაწყვეტლება ვაშინგტონმა მას შემდეგ მიიღო, რაც კოლუმბიის მთავრობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებს დასთანხმდა. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის პრეს–მდივანმა ქეროლაინ ლივიტმა გაავრცელა.
მისი თქმით, კოლუმბია დასთანხმდა აშშ-დან დეპორტირებული კოლუმბიელი მიგრანტების შეუზღუდავად მიღებას, მათ შორის – ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით.
- "თუ კოლუმბია შეთანხმებას არ დაარღვევს, პრეზიდენტი ტრამპი ხელს არ მოაწერს დოკუმენტს საბაჟო გადასახადის და სანქციების შემოღების შესახებ", – განაცხადა მან.
თეთრი სახლის პრეს–მდივანი არ აკონკრეტებს, ვინ მონაწილეობდა შეთანხმების მიღწევაში და იყო თუ არა კონტაქტი აშშ-ის და კოლუმბიის პრეზიდენტებს შორის.
შეერთებულ შტატებთან შეთანხმების შესახებ, რასაც თეთრი სახლი იუწყება, კოლუმბიის მთავრობას საჯაროდ არაფერი უთქვამს.
ცნობისთვის: 26 იანვარს კოლუმბიამ არ მიიღო ორი ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომლებშიც შეერთებულ შტატებში არალეგალურად მცხოვრები, დეპორტირებული კოლუმბიელები იმყოფებოდნენ.
პასუხად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ კოლუმბიიდან იმპორტირებულ პროდუქციას დაუწესდება 25%-იანი საბაჟო გადასახადი, რომელიც მოგვიანებით გაორმაგდება, კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ მოკავშირეებს კი აშშ-ში ჩასვლა აეკრძალებათ. კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ დონალდ ტრამპი დაადანაშაულა კოლუმბიელებისადმი "რასისტულ დამოკიდებულებაში" და განაცხადა, "ბლოკადა არ აშინებთ და საბაჟო გადასახადს თავადაც დააწესებენ".
26 იანვარს, ღამით კოლუმბიის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ გუსტავო პეტროს გადაწყვეტილებით, აშშ-ში საპრეზიდენტო თვითმფრინავს გაგზავნიან კოლუმბიელი მიგრანტების ღირსეულად დასაბრუნებლად. ოფისის ცნობით, მიგრაციული კრიზისის გამო კოლუმბიის პრეზიდენტმა მოიწვია ლათინური ამერიკის და კარიბის აუზის ქვეყნების რიგგარეშე სხდომა, რომელიც 30 იანვარს გაიმართება.
- აშშ კოლუმბიისთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. შეერთებულ შტატებში იმპორტირებული ყავის 20% კოლუმბიაზე მოდის. კოლუმბიის საექსპორტო საქონელს შორისაა ნავთობი, ბანანი, ავოკადო და სხვა.
25 იანვარს ბრაზილიამ ამერიკის შეერთებულ შტატებისგან განმარტება მოითხოვა თავისი მოქალაქეებისადმი "დამამცირებელი, ღირსების შემლახავი მოპყრობის" გამო. ბრაზილიის მთავრობის ინფორმაციით, "თვითმფრინავით დეპორტირებულ 88 ბრაზილიელს ხელბორკილები ედოთ".
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 იანვარს, ინაუგურაციიდან მალევე ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლებიც ეხება სამხრეთის საზღვართან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას.