
აშშ-ში მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე დაარქვეს
26/01/2025 07:29:08 მსოფლიო
აშშ-ში მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე დაარქვეს. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულების თანახმად, მექსიკის ყურეს ოფიციალურად დაერქმევა ამერიკის ყურე, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს კვლავ ერქმევა მაკ-კინლის მთა. ცვლილებები მიზნად ისახავს შეერთებული შტატების მემკვიდრეობის შენარჩუნებას და უზრუნველყოფს, რომ ამერიკელების მომავალი თაობები პატივს სცემდნენ ჩვენი გმირების მემკვიდრეობას და ერის ისტორიულ ფასეულობებს. ყურეს აქვს ცენტრალური მნიშვნელობა ერისთვის, როგორც კრიტიკულ არტერიას ამერიკის ვაჭრობის, ენერგიის წარმოებისა და საზღვაო ინდუსტრიებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპის თქმით, უილიამ მაკ-კინლიმ, რომელიც 1897 წლიდან 1901 წლამდე იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი, „ქვეყანა უფრო გაამდიდრა ტარიფებისა და საკუთარი ნიჭის წყალობით, იგი ბუნებით ბიზნესმენი იყო“.
ალასკაში მთას მაკ-კინლის სახელი ეწოდა 1917 წელს, 2015 წელს კი მწვერვალს დაარქვეს დენალი, რაც ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ენაზე „მაღალს“ ნიშნავს.
Reuters აღნიშნავს, რომ მექსიკის ყურის სახელის ცვლილება საერთაშორისო დონეზე არ იქნება აღიარებული. მექსიკამ, რომელიც შეერთებული შტატების მსგავსად ესაზღვრება ყურეს, თქვა, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სახელი ასობით წლის განმავლობაში გამოიყენება საზღვაო ნავიგაციაში.
მანამდე მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა ხუმრობით წამოაყენა წინადადება, ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილს, რომელიც დღევანდელი შეერთებული შტატების მნიშვნელოვან ტერიტორიას მოიცავს, „მექსიკური ამერიკა“ დაერქვას, როგორც ეს იყო 1607 წლის რუკებზე.
ასევე ტრამპმა „ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“ არაერთხელ განაცხადა პანამის არხზე და გრენლანდიაზე თავისი პრეტენზიები.