Accentnews.ge
Cybernew: საქართველოს მთელი მოსახლეობის პირადი მონაცემები თავისუფალ წვდომაში აღმოჩნდა

Cybernew: საქართველოს მთელი მოსახლეობის პირადი მონაცემები თავისუფალ წვდომაში აღმოჩნდა

25/01/2025 15:56:09 პოლიტიკა

საქართველოს მთელი მოსახლეობის პერსონალური მონაცემები თავისუფალ წვდომაში აღმოჩნდა სამთავრობო სტრუქტურებიდან სავარაუდო გაჟონვის შემდეგ, - იუწყება პორტალი Cybernews.

მისივე ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების მკვლევარებმა გერმანული ღრუბლოვანი პროვაიდერის სერვერზე აღმოაჩინეს მონაცემთა დაუშიფრავი ბაზა, რომელიც კონფიდენციალურ ინფორმაციას, მათ შორის პირადობის მოწმობებისა და სატელეფონო ნომრებს, ასევე სხვა პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. გახსნილი ინდექსები მოიცავს დაახლოებით 12 მლნ ჩანაწერს, რაც თითქმის ოთხჯერ აღემატება საქართველოს მთელი მოსახლეობის რაოდენობას.

მკვლევარების ვარაუდით, ღია წვდომაში აღმოჩნდა დუბლირებადი ან მოძველებული მონაცემები, მათ შორის - უკვე გარდაცვლილი მოქალაქეების თაობაზე.

Cybernews-ის ვარაუდით, მონაცემების ნაწილი 2020 წელს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მომხდარ სავარაუდო გაჟონვას შეიძლება, უკავშირდებოდეს. მაშინ დარქნეტის ფორუმზე გაყიდვაში საქართველოს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების შემცველი თითქმის 5 მლნ ჩანაწერი აღმოჩნდა.

"მონაცემები, როგორც ჩანს, შეგროვებული ან აგრეგირებულია რამდენიმე წყაროდან, შესაძლოა, ნომრების იდენტიფიცირების სამსახურისა და სახელმწიფო და კომერციული მონაცემთა ბაზების ჩათვლით" - ამბობს კიბერუსაფრთხოების მკვლევარი ბობ დიაჩენკო.

გაჟონვის აღმოჩენიდან მალევე სერვერი გაითიშა და მონაცემებთან წვდომა დაიხურა, თუმცა როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, საქართველოს მილიონობით მოქალაქისთვის საფრთხე ნარჩუნდება, რადგან ბოროტმოქმედებს შეუძლიათ, მათი პერსონალური მონაცემები პოლიტიკური ან კრიმინალური მიზნით გამოიყენონ.

"სახელმწიფოს მხარდაჭერით მოსარგებლე ჰაკერებს ძალუძთ, ეს გაჟონვა გამოიყენონ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, დეზინფორმაციის გავრცელების ან მიზანმიმართული დევნისათვის. ამავდროულად, კიბერდამნაშავეებს შეუძლიათ, ეს მონაცემები ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენონ" - ამბობს დიაჩენკო და მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

მოსახლეობას ქართველი სპეციალისტებიც აფრთხილებენ.

"მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, საქართველოს მოსახლეობის ცნობიერება კიბერსაფრთხეების შესახებ მეტნაკლებად მზარდია, პერსონალური მონაცემების გაჟონვიდან მომდინარე რისკები სახელმწიფოს და თავად მოსახლეობის მხრიდანაც არასათანადოდაა შეფასებული. ითვლება, რომ "რა პრობლემაა, ვინც უნდა იმან იცოდეს ჩემი პირადი ნომერი...", რაც მცდარი მიდგომაა, რადგან პერსონალური ინფრომაციის ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია თქვენი სახელით დანაშაულის ჩასადენად, ადამიანზე ფარული მიყურადებისთვის, ფიზიკური ანგარიშსწორების დასაგეგმად, ფოშინგის ან სოციალური ინჟინერიის სხვა კამპანიების საწარმოებლად. გაჟონვა შესაძლოა არც იყოს ახალი, უბრალოდ ახლა იქნა აღმოჩენილი ეს ბაზა, რომელიც ვიღაცას ატვირთული ჰქონდა ქლაუდზე და არ ჰქონდა დაცული პასვორდით. მოსალოდნელია სოციალური ინჟინერიის კამპანიების გააქტიურება, ამიტომ ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საეჭვო გზავნილებსა და შეთავაზებებს; გარდა ტრადიციული კიბერდანაშაულისთვის საბაზისო მონაცემების მოპოვებისა, ამ რაოდენობის ჩანაწერებით ეფექტურად შეიძლება მტრულად განწყობილი ქვეყნის ან პოლიტიკური აქტორების მხრიდან პროპაგანდის მიზანმიმართული გავრცელება ან დეზინფორმაციული კამპანიის დაგეგმვა-განხორციელება" - წერს სოციალურ ქსელში კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S