
გიორგი გახარია პროკურატურაში მივიდა
22/01/2025 11:07:24 პოლიტიკა, სამართალი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია პროკურატურაში მივიდა.
საქმე სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ მასზე განხორციელებულ თავდასხმას ეხება. როგორც ცნობილია, საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.
გახარია სავარაუდოდ, პროკურატურას დღეს მისცემს ჩვენებას.
პარტიამ 21 იანვარს განაცხადა, რომ გახარიაზე თავდასხმის ვიდეოჩანაწერები პროკურატურამ სასტუმროდან სერვერებიანად წაიღო. პარტიაში ეჭვობენ, რომ მიზანი მტკიცებულებების განადგურებაა.
14 იანვრის ღამეს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას სცემეს. მანამდე იმავე სასტუმროში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. მომხდარზე ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, რასაც ქორიძეც ადასტურებს, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ.
გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს.
ცნობილი გახდა, რომ შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.