
ყაზანზე დრონებით შეტევა განხორციელდა, აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა
20/01/2025 06:33:03 მსოფლიო
თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ყაზანში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა.
ყაზანის ორ რაიონში - ნოვო-სავინოვსკისა და ავიასტროიტელნიში ქალაქის მცხოვრებლებმა აფეთქებების ხმა გაიგეს.
რუსული წყაროების ცნობით, სამიზნე სამრეწველო საწარმოები იყო, თყმცა ამტკიცებენ, რომ ყველა დრონი განეიტრალდა.
რუსული ტელეგრამ-არხები აღნიშნავენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ყაზანის ქარხნებზე თავდასხმისთვის, სავარაუდოდ, ლიუტის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.
„საგანგებო სიტუაციების სამსახურები აგრძელებენ ადგილზე მუშაობას შედეგების აღმოსაფხვრელად. ყველა საწარმო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს“, - ნათქვამია თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახურის განცხადებაში.
„როსავიაციის“ წარმომადგენლის, არტემ კორენიაკოს ინფორმაციით, ყაზანის აეროპორტში, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თვითმფრინავების მიღებასა და გაგზავნაზე შეზღუდვები დაწესდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის რეგიონებში 31 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.