
კორონავირუსის გამო საქართველოში მომუშავე ჩინურ კომპანიებს შეზღუდვები დაუწესეს
24/02/2020 06:59:26 ეკონომიკა, საზოგადოება
კორონავირუსის გამო საქართველოში მომუშავე ჩინურ კომპანიებს შეზღუდვები დაუწესეს. კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს მოსთხოვა, ჩინეთიდან დამატებითი სამუშაო ძალის ჩამოყვანისგან დროებით თავი შეიკავონ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, შეზღუდვა 22 თებერვალს ჩინეთიდან ჩამოსული ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლების განთავსებასთან დაკავშირებულმა შეკითხვებმა განაპირობა.
"შეზღუდვა გაგრძელდება მანამ, სანამ შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას", – აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის: 23 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიასთან ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულებმა მუშაობა შეწყვიტეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ჩინეთის ათამდე მოქალაქე ობიექტზე შეიყვანეს და ადგილზე კარანტინი ისე გამოაცხადეს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. გზის მშენებლებმა ახლადჩამოყვანილი ჩინელების ობიექტიდან გაყვანა მოითხოვეს. თავის მხრივ, სამშენებლო კომპანიამ განაცხადა, რომ სამშობლოდან დაბრუნებული შვიდი თანამშრომელი პრევენციის მიზნით მოათავსა სამშენებლო ტერიტორიაზე მდებარე ცალკე საცხოვრებელში. კომპანიის ინფორმაციით, ჩინეთის შვიდივე მოქალაქემ საქართველოს საზღვარზე გაიარა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება, რომელშიც ჩართული იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი და მიუხედავად იმისა, რომ არც ერთს ვირუსის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და არც ერთი არ არის ჩინეთის ქალაქ უჰანიდან, ისინი საკარანტინო პერიოდს იზოლირებულ შენობაში გაივლიან.