
აშშ-ში TikTok დაიბლოკა
19/01/2025 11:49:53 მსოფლიო
ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2025 წლის 19 იანვარს, ოფიციალურად ამოქმედდა კანონი, რომელიც კრძალავს პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ის გამოყენებას. პლატფორმა აკრძალვის ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე გაითიშა.
მომხმარებლების განცხადებით, აპლიკაცია ასევე ხელმისაწვდომი აღარაა Apple Store-სა და Google Play Store-ზე.
ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance პეკინს ამერიკელების შესახებ მონაცემების შეგროვების და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას აძლევს.
ამ მიზეზით, 2024 წლის აპრილში აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ByteDance-ს ავალდებულებს, პლატფორმა ამერიკულ კომპანიას მიჰყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2025 წლის 19 იანვრიდან აშშ-ში სოციალური ქსელი აიკრძალება. კომპანიამ განაცხადა, რომ პლატფორმას არ გაყიდის.
არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს NBC News-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ის „დიდი ალბათობით 90 დღეს მისცემს TikTok-ს, რათა თავიდან აიცილოს აკრძალვა აშშ-ს მასშტაბით“, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.