
ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა – $Trump გამოუშვა
18/01/2025 12:22:08 მსოფლიო
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს საკუთარი კრიპტოვალუტა - ე.წ. მიმკოინი $Trump გამოუშვა, რომლის კაპიტალიზაციამაც უკვე რამდენიმე მილიარდ დოლარს მიაღწია.
როგორც კრიპტოვალუტის მწარმოებელი კომპანიის ოფიციალურ ვებ-საიტზეა აღნიშნული, მომხმარებლებისთვის ამ ეტაპზე 200 მილიონი ციფრული ტოკენია ხელმისაწვდომი, კიდევ 800 მილიონის გამოშვება მომდევნო 3 წლის განმავლობაში იგეგმება.
კრიპტოვალუტის გამოშვებისთვის ტრამპმა კომპანია CIC Digital LLC-სთან ითანამშრომლა, რომელიც ადრე მისივე ბრენდის ფეხსაცმელსა და სუნამოებს ყიდდა. CIC Digital LLC კომპანია Fight Fight Fight LLC-სთან ერთად ტოკენების 80%-ს ფლობს.
"ჩემი ახალი ოფიციალური ტრამპ-მიმი აქ არის! დროა, აღვნიშნოთ ყველაფერი, რაც გვახასიათებს - მოგება!" - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში მიმკოინის გამოშვების გამოცხადებისას.
კრიპტოვალუტის გამოშვებიდან სულ რამდენიმე საათში $Trump-ის ბაზრის კაპიტალიზაცია უკვე 5.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ მიმკოინებს, ინტერნეტ-სივრცეში პოპულარობით სარგებლობის მიუხედავად, რაიმე თანდაყოლილი ღირებულება არ გააჩნიათ და არასტაბილურ ინვესტიციად ითვლებიან.
ცნობისთვის: დონალდ ტრამპის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად ინაუგურაცია ხვალ, 20 იანვარს გაიმართება.