
მედია: რუსეთის ნავთობით დატვირთული სულ მცირე 65 ტანკერია გაჩერებული აშშ-ის სანქციების გამო
14/01/2025 10:57:03 მსოფლიო
რუსეთის ნავთობით დატვირთული, სულ მცირე, 65 ტანკერი გაჩერებულია ჩინეთის, სინგაპურისა და რუსეთის ნაპირებთან მას შემდეგ, რაც 10 იანვარს აშშ-მა გამოაცხადა მკაცრი სანქციების ახალი პაკეტი - იტყობინება Reuters ხომალდების კვალის აღმრიცხავ მონაცემებზე დაყრდნობით.
ხუთი ტანკერი ჩინეთის ნაპირებთანაა, შვიდი - სინგაპურის, დანარჩენები შეჩერებულია ბალტიის ზღვაში ან შორეულ აღმოსავლეთში - წერს სააგენტო. მათ შორისაა ნავთობის 25 ტანკერი, რომლებიც სხვადასხვა ადგილას იყო დისლოცირებული, მათ შორის ირანის პორტებში და სუეცის არხის სიახლოვეს.
13 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ ჩინეთიდან აღმოსავლეთით წყალზე გაჩერებული იყო სამი ტანკერი, რომლებსაც გადააქვს ორ მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი. ეს მოხდა მას მერე, რაც შანდუნის პროვინციის პორტების მმართველმა კომპანიამ აკრძალა იმ ტანკერების მიღება, რომლებიც სანქციების ნუსხაში მოხვდა - წერს Bloomberg.
გავრცელებული ცნობებით, რუსეთის ნავთობის კიდევ ერთი მსხვილი მყიდველი, ინდოეთი, ასევე უარს იტყვის სანქციათა ნუსხაში მოხვედრილი ტანკერების მიღებაზე. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ ხომალდთა მიმართ, რომლებიც 10 იანვრამდე დაიქირავეს - იმ პირობით, რომ მათი განტვირთვა 12 მარტამდე მოხდება. ამასთან, ინდოეთის ბანკები მოითხოვენ ნავთობის წარმომავლობის დამადასტურებელ საბუთებს, რათა დარწმუნდნენ, რომ ის არ ეკუთვნის სანქციების სიაში მოხვედრილ მიმწოდებლებს.