
ყაზანში მდებარე ქიმიურ ქარხანაზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან, დახურულია აეროპორტი
14/01/2025 06:18:49 მსოფლიო
დღეს, 14 იანვარს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში.
ადგილობრივი ტელეგრამ-არხების და ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, უკრაინამ დრონებით შეუტია ყაზანში მდებარე ქიმიურ ქარხანას, „ყაზანორგსინთეზს“, სადაც ხანძარი გაჩნდა.
თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ყაზანის გარეუბანში ცეცხლი გაუჩნდა გაზის ცისტერნას, არავინ დაშავებულა. სხვა დეტალებს პრეს–სამსახური არ აკონკრეტებს.
რუსული წყაროების თანახმად, აფეთქება მოხდა თხევადი გაზის საცავში, რომელიც ქიმიური ქარხნის მახლობლად მდებარეობს.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დახურეს ყაზანის აეროპორტი.
უკრაინას ყაზანზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.