
დღეს აშშ და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ
14/01/2025 06:13:30 მსოფლიო
დღეს აშშ და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ, – იუწყება "რადიო თავისუფლების" სომხური სამსახური.
მისივე ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი იმყოფება ვაშინგტონში, სადაც დღეს, 14 იანვარს შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს. მოგვიანებით, მირზოიანი და ბლინკენი ხელს მოაწერენ დოკუმენტს სომხეთისა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
სომხეთმა, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ბოლო ხანს თანამშრომლობა გააძლიერა აშშ-სა და ევროკავშირთან.
სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები გაუარესდა მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, რაც 2023 წლის სექტემბერში დასრულდა აზერბაიჯანის მიერ თავის შემადგენლობაში ამ რეგიონის დაბრუნებით.
აშშ-სა და ევროკავშირთან სომხეთის დაახლოების ფონზე მათთან ურთიერთობები უკიდურესად გაამწვავა „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ საქართველოში, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს და აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა წლების წინ დაამყარა.
აშშ–მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა 2024 წლის 30 ნოემბერს – მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.