
VSquare: "ორბანის მრჩევლის მისიამ, "ოცნებისთვის" ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობები დაელაგებინა, კრახი განიცადა"
12/01/2025 21:59:36 პოლიტიკა
საგამოძიებო პორტალ VSquare-ის ინფორმაციით, უნგრეთის ოდიოზურ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მრჩეველი და მისი გუნდის არაოფიციალური სტრატეგი არპად ჰაბონი "ქართულ ოცნებას" სულ მცირე, 2 წელია, ეხმარება.
VSquare-ის წყაროების ცნობით, ჰაბონი თბილისში არაერთხელ იმყოფებოდა, კერძოდ, იგი სასტუმრო "შერატონთან", ასევე აეროპორტში და "ქართული ოცნების" შტაბ-ბინაში დააფიქსირეს.
პორტალის ინფორმაციით, ჰაბონის ამოცანა ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ურთიერთობის დამყარება იყო, მაგრამ პროექტი საბოლოოდ ჩავარდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანი, ორბანის მთავრობის მინისტრი ანტალ როგანი კორუფციისთვის "მაგნიტსკის სიით" დაასანქცირა.
VSquare-ის მტკიცებით, ორბანის მთავარმა მრჩეველმა ჰაბონიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გასული წლის ოქტომბერში საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, იმუშავა ასევე სლოვაკეთსა და პოლონეთში.
"ტრამპსა და რესპუბლიკელებს არ მოსწონთ საქართველოს პრორუსი პრემიერ-მინისტრი. ისინი არ იზიარებენ უნგრეთის ლიდერის დადებით აზრს საქართველოში არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. რესპუბლიკელებში აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ ირაკლი კობახიძე გადაღებულია ფოტოზე ირანელ, ასევე "ჰეზბოლასა" და "ჰამასის" ლიდერებთან ერთად. იგივე ტერორისტები აქტიურად გეგმავდნენ დონალდ ტრამპის მკვლელობას და ყოველდღიურად გამოდიოდნენ მოწოდებებით აშშ-ის განადგურებისკენ. ამერიკა არ მოტყუვდება", - წერდა სოციალურ ქსელში რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა კობახიძე თავის ინაუგურაციაზე არ მიიწვია. მის ნაცვლად მან მიიწვია სალომე ზურაბიშვილი. და ეს ერთგვარი წარუმატებლობაა ორბანის პირადი მრჩევლის, რომლის ამოცანას საქართველოს ახალ პრემიერსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობების დალაგება წარმოადგენდა", - ნათქვამია პუბლიკაციაში.