Accentnews.ge
ადვოკატი: ანდრომ პოლიციელს ნასროლი ბოთლი უკან დაუბრუნა, რომელ დაზიანებაზეა საუბარი?!

ადვოკატი: ანდრომ პოლიციელს ნასროლი ბოთლი უკან დაუბრუნა, რომელ დაზიანებაზეა საუბარი?!

10/01/2025 11:24:34 სამართალი

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი ნატია კორკოტაძე მიიჩნევს, რომ პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმის მოსამართლეს ქეთევან ჯაჭვაძეს შეუძლია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განმუხტოს ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების შეცვლით.

„ბატონო მოსამართლევ, არ მინდა, თქვენც სანქცირებულთა სიაში მოჰყვეთ, თქვენს რეპუტაციას ვუფრთხილდები“, - მიმართა, "რადიო თავისუფლების" ცნობით, სხდომათა დარბაზიდან ადვოკატმა მოსამართლეს და მსახიობისთვის წაყენებული ბრალის დეტალებზე ილაპარაკა.

„ანდრო იდგა წინა რიგში, პოლიციელმა წყლით სავსე ბოთლი ისროლა, რომელიც ანდროს წინ დაეცა, მან ეს ბოთლი აიღო და უკან დააბრუნა, რომელიც შუა ადგილას დაიქცა. რომელ დაზიანებაზეა საუბარი?! თქვენი გადაწყვეტილებით შეგიძლიათ განმუხტოთ ის სიტუაცია, რაც საქართველოში ხდება და გმირად ჩაეწეროთ. ყველა აქცია იწყება მოთხოვნით, რომ ეს ტყვეები, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ სიტუაცია განმუხტოთ. ამით დიდ პასუხისმგებლობას მოიხსნით და შეიძლება ისტორიაშიც ჩაეწეროთ", - მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს.

მანვე აღნიშნა, რომ საუბარია 158 პოლიციელის დაშავებაზე, თუმცა ამ დრომდე არცერთი მათგანის გამოკითხვის ოქმი არ დევს საქმეში:

„158 (პოლიციელიდან) 58-ს ხომ მაინც გამოკითხავს ბრალდების მხარე, ვიღაცა მოწმეებს, ოქროს მოწმეებს მოძებნიან, რომლებსაც წარმოგვიდგენენ სასამართლოში, დაანახებენ ანდრო ჭიჭინაძის ფოტოს და ეტყვიან, აი, ანდრო ჭიჭინაძემ ბოთლი რომ გადმოაგდო ან პიროტექნიკა ისროლა, ამან მე დაზიანება მომაყენა. ცოტა სამარცხვინოა, არ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ სამართლიან სასამართლოზე“.

ადვოკატის თქმით, ანდრო ჭიჭინაძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გათავისუფლდეს, თუმცა, იგი ამბობს, რომ მას ამის იმედი არ აქვს:

„სამარცხვინოა, ასეთი განათლებული, ჭკვიანი ადამიანი საბრალდებო სკამზე რომ ზის".

დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 44 ადამიანიდან 11-ის (ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი სივაკოვისა და ირაკლი ქერაშვილის) აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს მათ პატიმრობაში თუ გაათავისუფლებს. მათი საქმის არსებითი განხილვის დაწყება, პროკურატურის შუამდგომლობით 5 მარტამდე გადაიდო.

ცნობისთვის: 43–ე დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება.

თბილისში აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები კი კვლავ უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 500-მდე პირი, მათ შორის ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S