
ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი შენობა განადგურდა, ევაკუირებულია 180 000-მდე ადამიანი
10/01/2025 06:01:47 მსოფლიო
ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი შენობა განადგურდა, ევაკუირებულია 180 000-მდე ადამიანი.
ამ დროის მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა კვლავ ხუთია. თუმცა ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის რობერტ ლუნას განცხადებით, მათი რიცხვი სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან მძვინვარე ცეცხლის გამო სტიქიის ბევრ ზონაში მისვლა ვერ ხერხდება.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სიტუაციას ძლიერი ქარი ართულებს.
ყველაზე ძლიერი ხანძარი სანტა-მონიკასა და მალიბუს შორის მდებარე პასიფიკ პალისეიდსის რაიონშია.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა და შესაბამის ფედერალურ სამსახურებს დაავალა შტატისთვის ყველა სახის აუცილებელი დახმარების გაწევა. ხანძრის გამო ბაიდენმა იტლიაში ვიზიტი გადადო.
აშშ-ის საინვესტიციო ბანკის JP Morgan-ის შეფასებით, ამჟამად ხანძრის შედეგად ეკონომიკური ზარალი დაახლოებით 50 მილიარდი დოლარია.
კალიფორნიის შტატში კლიმატური პირობებით გამოწვეული ხანძრები ხშირი მოვლენაა.