
უილსონი: "იქნება მაქსიმალური ზეწოლა ირანულ რეჟიმზე და მათ მოკავშირეებზე, როგორიცაა ივანიშვილის რეჟიმი"
09/01/2025 17:17:16 პოლიტიკა
"ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე ჯო უილსონი პროგნოზირებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში "იქნება მაქსიმალური ზეწოლა ირანულ რეჟიმზე და მათ მოკავშირეებზე, როგორიცაა ივანიშვილის რეჟიმი". ამის შესახებ მან დღეს „ჰადსონის ინსტიტუტში“ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"მე მჯერა, რომ დონალდ ტრამპი მხარს მიჭერს, ვიცი, რომ მხარს მიჭერს. იგი ძალიან ბევრს ცდილობდა თავიდან აერიდებინა უკრაინაში [ფართომასშტაბიანი] შეჭრა. მან "Javelin"-ის ტიპის რაკეტები გაუგზავნა უკრაინას, რათა ომის დამნაშავე პუტინის შეჭრა შეეჩერებინა. მან ამერიკელი სამხედროები განალაგა პოლონეთში, რათა ომის დამნაშავე პუტინი შეეკავებინა უკრაინაში შეჭრისგან, და მან დაბლოკა და შეაჩერა ომის დამნაშავე პუტინის დაფინანსება "Nord Stream 2"-ის დაბლოკვით. დონალდ ტრამპის პოლიტიკა ძალიან, ძალიან ცხადია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში. ივანიშვილის რეჟიმი ავრცელებდა ტყუილს, თითქოს ტრამპი მას პრობლემებს არ შეუქმნიდა "ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან" და ირანულ რეჟიმთან კოლაბორაციისთვის. მაგრამ, ეს საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ტრამპს მაქსიმალური ზეწოლის სჯერა, და განსაკუთრებით ირანულ რეჟიმთან მიმართებაში მას არ დაავიწყდება ის გეგმები, რომლებიც მის მოკვლაზე ჰქონდათ. იქნება მაქსიმალური ზეწოლა ირანულ რეჟიმზე, დამატებით, საბოლოო ჯამში, მათ მოკავშირეებზე, როგორიცაა ივანიშვილის რეჟიმი. ძალიან მიხარია ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები, რომლებიც გასულ კვირას გამოცხადდა, ის ორპარტიულია, ქართველი ხალხის სასარგებლოდ მუშაობენ. მჯერა, რომ ეფექტიანი სანქციები გაიზრდება მომავალ ტრამპის ადმინისტრაციაში, განსაკუთრებით მარკო რუბიოს [მომავალი სახელმწიფო მდივანი] გათვალისწინებით. მისი ოჯახი წარუმატებელ საბჭოთა იმპერიის ნაწილს, კუბის დიქტატურას გაექცა. ამერიკის ინტერესია საქართველოს მხარდაჭერა. ქართველი ხალხი თავისუფლების მოყვარული ხალხია, რომლებიც იმავე ღირებულებებს იზიარებენ, რაც ამერიკელი ხალხი. მეტიც, საქართველო, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, სტრატეგიულად არის განლაგებული და ჩვენ არ უნდა დავუშვათ მისი "ჩინეთის კომუნისტური პარტიის" ან თეირანის რეჟიმის ორბიტაში მოხვედრა”, - განაცხადა უილსონმა.
ამასთან, მან "ქართული ოცნების" დამფუძლებელი ბიძინა ივანიშვილი "რუსეთის მარიონეტად" მოიხსენია:
"ივანიშვილის რეჟიმი დიდ საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისთვისა და მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისთვის. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს “მზადებაში მყოფნი” დიქტატორია, ომის დამნაშავე პუტინის, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და თეირანის რეჟიმის მარიონეტია. მარიონეტი პრემიერ-მინისტრი თეირანში მკვლელ რეჟიმთან შესახვედრად იყო ჩასული ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს რეჟიმი გეგმავდა დონალდ ტრამპის მკვლელობას, ისევე როგორც ელჩი ნიკი ჰეილის მკვლელობას, რომელიც ასევე იყო მსხვერპლთა სიაში. ამ რეჟიმმა დიდი ღრმაწყლოვანი პორტის გეგმა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მისცა, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების შეთავაზებების წინააღმდეგ. ის [ივანიშვილი] ცდილობს საქართველო და ქართველი ხალხი გაყიდოს მისი დიქტატურის სასარგებლოდ, რომელიც იარაღის უზენაესობით ნარჩუნდება, ნაცვლად დემოკრატიისა კანონის უზენაესობით“.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ "26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა" და "ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი" მოიხსენია.