
ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად „ქართული ოცნების“ მთავრობაში მიწვევა არავის მიუღია
09/01/2025 13:40:33 პოლიტიკა
აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად მიწვევა „ქართული ოცნების“ მთავრობიდან არავის მიუღია. ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში განუცხადეს და იქვე დასძინეს, რომ მიწვევა არც სადავო ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მას მიწვევა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჯო უილსონმა გამოუგზავნა.
2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან მრავალწლიანი პარტნიორობა შეაჩერა. „აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას“ ხელი მოეწერა 2009 წლის 9 იანვარს. საქართველოსთან პარტნიორობის შეჩერებამდე ორი დღით ადრე, 28 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას ამცნო, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილებამ ათასობით ადამიანი გამოიყვანა დედაქალაქის ქუჩებში. პროევროპული აქციები დღესაც გრძელდება.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ დღემდე იმედოვნებს, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება. როგორც წესი, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციის დღეს დებს ფიცს.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპი ტრადიციას არღვევს და თავის ინაუგურაციაზე რამდენიმე ქვეყნის ლიდერს იწვევს, მათ შორის - არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეის, სალვადორის პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს.
ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთების გარკვეულ რაოდენობას იღებენ კონგრესმენებიც, რომლებიც თავად წყვეტენ, ვის დაპატიჟებენ.