Accentnews.ge
ზურაბიშვილი: ჩვენი სახელმწიფო, რომელიც შენდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ, პრაქტიკულად, დაშლის პირასაა

ზურაბიშვილი: ჩვენი სახელმწიფო, რომელიც შენდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ, პრაქტიკულად, დაშლის პირასაა

09/01/2025 09:44:56 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ახალი ოფისი გაგრძელებაა ორბელიანის სასახლის.

„შეიძლება, არ ჰგავდეს ორბელიანების სასახლეს, მაგრამ სულისკვეთება აქ არის და აქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია ამ ქვეყანაში, რომელიც დღეს იმყოფება ძალიან ღრმა კრიზისში“,- თქვა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე და ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ 2025 წელს ვიწყებთ იმ მდგომარეობაში, რომელიც საქართველოს „ბევრი წელია, არ ჰქონია, შესაძლოა, არც ჰქონია ამ ახლო წარსულში, სადაც ჩვენი სახელმწიფო, რომელიც შენდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ, პრაქტიკულად დაშლის პირასაა, რამეთუ ყველა მისი ინსტიტუტი, პირველ რიგში კონსტიტუცია, აღარ არსებობს - ფეხქვეშ არის გათელილი და არა მხოლოდ იმ ცნობილი მუხლის გამო, რომელიც ასახავს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, რომელიც შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს, რამეთუ ეს ნიშნავს, რომ არ შეიძლება, დავუბრუნდეთ რუსულ წარსულს, მაგრამ ასევე ბევრი სხვა მუხლი, ბევრი პრინციპი, რომელზეც დგას ეს ქვეყანა და ასახულია კონსტიტუციაში, - ყველა პრაქტიკულად ფეხქვეშ გათელილია“.

მან ახსენა სიტყვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და ხაზი გაუსვა, რომ „ისინი, ვინც არიან ქვეყნის სათავეში, არაფრად თვლიან კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს და არც ხალხის ნებას, რომელიც გამოხატულია“.

ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ „აღარ გვაქვს სასამართლო“:

„მიდიოდა მცდელობები ამ სასამართლო სისტემის რეფორმირების. დღეს აღარ არის დღის წესრიგში არათუ რეფორმა, აღარ არსებობს სასამართლო და ეს ძალიან ნათლად დავინახე არჩევნების დროს, როდესაც, ერთის გარდა, არც ერთმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა არაფერი, თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოზიციები. სასამართლოს ყველა დონე ხალხისთვის წართმეულია და სამართლიანობა ამ ქვეყანაში ვერ მოიპოვება, რაც დემოკრატიული სისტემისთვის მისი დაშლაა“.

ის შეეხო დანარჩენ ინსტიტუტებსაც: „პარლამენტი არ პარლამენტობს - ჩაკეტილ კარს მიღმა არის ერთპარტიული შეკრება, რომელიც რა გადაწყვეტილებას იღებს, რატომ, რის საფუძველზე, ვისი ინსტრუქციით, არავიც იცის. ეს ინსტრუქციები მოდის ერთი ადამიანისგან საქართველოში, თუ საქართველოს საზღვრებს მიღმა არის მიღებული, ესეც არ ვიცით; ვინ სად ინიშნება, დიდი ხანია, არ ვიცით ან ვინ რატომ არის მოხსნილი თანამდებობიდან, ესეც არასოდეს არის ახსნილი და არის დემოკრატიული პრინციპების დიდი დარღვევა, რომელზედაც ნელ-ნელა შენდებოდა ეს ქვეყანა; მთავრობაზე არაფერი ითქმის, რადგან როგორც პარლამენტი, ორივე არიან არალეგიტიმური - მათი საფუძველია მოპარული არჩევნები“.

„ჩვენ ვართ ამ მდგომარეობაში, როდესაც დე ფაქტო პარლამენტი, დე ფაქტო მთავრობა, დე ფაქტო პრეზიდენტი ცდილობენ, რაღაცნაირად შექმნან სურათი მმართველობის, როდესაც რეალურად ქვეყანა არის გაჩერებული. თვითონაც იმალებიან არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ ყველა მათი მოქმედება ასევეა დამალული, არახსნილი და ზოგჯერ, გატანილი ქალაქიდანაც, როგორც მოხდა ამბასადორიალის მაგალითით. ეს ძალიან სერიოზული და მძიმე სურათია. ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი არის ერთი პარტიის ხელში. ვერ დამისახდელებთ ინსტიტუტს, სადაც არსებობს დამოუკიდებელი ადამიანი და რომელიც ყოველდღიურად არ ასრულებს პარტიის ინსტრუქციებს“,- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ამ პროცესის ნაწილად განიხილავს ის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც, რომელიც საზოგადოებას“დამახინჯებულ რეალობას“ აჩვენებს.

მისი თქმით, არსებობს რეალობა, რომელსაც ვხედავთ და რომელშიც ვიცით, რა სურს ხალხს, მეორეს მხრივ, საზოგადოება სურთ აცხოვრონ არარსებულ, „ფანტასმაგორულ რეალობაში“, რომელიც მოწყვეტილია არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისგან.

„ვხედავთ, რომ საქართველო უფრო და უფრო გადასულია ამ ყველაფრის გამო იზოლაციაში, ჩაკეტილია ქვეყანა, რაც ცხადია, პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე, რომელიც დიდწილად გაჩერებულია. მართალია, რაღაც შემოსავლები მაინც არის, პირველ რიგში, იმ სანქციების გვერდის ავლით, რომელიც ძალიან გაძლიერებულია ბოლო პერიოდში და დღეს ფინანსური შემოსავლების ერთ-ერთი მთავარი წყარო ალბათ მაინც არის ის ძალიან ძვირადღირებული მანქანები, რომელიც გადის საქართველოდან ვითონ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალურად - რუსეთში. ამ მანქანების გაყვანას დიდი ფასი აქვს და ამ მანქანებში კიდევ რა დევს, ესეც გასარკვევია“,- თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ეს არის ჩვენი ძალიან სამწუხარო, ძალიან ღრმა კრიზისი, საიდანაც გამოსავალი მხოლოდ არჩევნებია. ის მიესალმა, რომ პარტნიორები ევროპიდან და ამერიკიდან იზიარებენ ამ მიდგომას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S