
რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა
09/01/2025 06:11:39 მსოფლიო
რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის პოლიციამ ხანძრის ლიკვიდაციის და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე ცნობით, დაშავდა 63 ადამიანი.
"რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ორჯერ დაარტყეს მართვადი ავიაბომბებით, რომლებიც ინფრასტრუქტურული ობიექტის ადმინისტრაციული ნაწილის მახლობლად და გზის სავალ ნაწილზე აფეთქდნენ", – აცხადებს პოლიცია.
ადგილობრივი ხელისუფლება კონკრეტულ ობიექტს არ ასახელებს. სამიზნის შესახებ არაფერი უთქვამს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსაც.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაღუპულების და დაშავებულების უმეტესობა ინფრასტრუქტურული ობიექტის გარეთ, მეზობელ ქუჩაზე ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმყოფებოდა.