
კარასინის ვარაუდით, ლავროვი თბილისში არ ჩამოვა
21/02/2020 07:45:12 საგარეო პოლიტიკა
რუსი სენატორი გრიგორი კარასინი ვარაუდობს, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მონისტრი სერგეი ლავროვი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად თბილისში არ ჩამოვა და რუსულ დელეგაციას შესაძლოა, მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ან ევროპის საბჭოში რუსეთის ელჩმა უხელმძღვანელონ.
„მე სერგეი ლავროვის ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ, თუმცა ვფიქრობ, რომ მინისტერიალზე რუსეთის წარმოდგენილობის დონე სხვაგვარი იქნება. ამის მთავარი მიზეზი ქართული საზოგადოების შფოთვაა. თქვენი ოპოზიციაც შეშფოთებულია და, სხვათა შორის, სხვა პრაქტიკული საკითხების გადაჭრასაც უშლის ხელს“, – განუცხადა ტელეკომპანია "იმედს" კარასინმა.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ს, რომ თბილისში რუსეთის მხოლოდ ის წარმომადგენლები შეძლებენ ჩამოსვლას, რომელთაც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არ დაურღვევიათ.
ადრე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თბილისი გამონაკლისს დაუშვებს "ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ" კანონის დამრღვევი რუსეთის მოქალაქეებისათვის და ისინი მაისში თბილისში დაუბრკოლებლად ჩამოსვლას შეძლებენ. თუმცა მეორე დღეს განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომლის თქმით, „რუსული დელეგაციის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში იქნება მიღებული“. ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია ლავროვის დილემის გამო მაისისთვის დაგეგმილი სხდომის თბილისიდან სტრასბურგში შესაძლო გადატანის თაობაზე.