
რიჰარდს კოლსი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს "კატასტროფულ და ცუდ დროს შერჩეულ ნაბიჯად" აფასებს
05/01/2025 09:44:03 პოლიტიკა
ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტ პია კაუმას საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს „კატასტროფულ და ცუდ დროს შერჩეულ გადაწყვეტილებად“ აფასებს.
„მიუხედავად იმისა, რომ მე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი აღარ ვარ, ჩემი ყურადღება მიიქცია ფაქტმა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს საქართველოში გეგმავს ვიზიტს, რაც კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული გადაწყვეტილებაა“, - წერს კოლსი სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, ეს ვიზიტი "ემთხვევა ივანიშვილის რეჟიმის მიერ ძალაუფლების განმტკიცებას - რუსული სტილის პრევენციული დაპატიმრებებით, დრაკონული კანონებით და საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობით, ასევე იმ არჩევნების შემდგომ პერიოდს, რომელიც ზოგადად, თავისუფალი იყო, თუმცა არღვევდა ლეგიტიმური არჩევნების ორ სხვა პრინციპს – არ იყო არც სამართლიანი, არც გამჭვირვალე“.
„ბევრი დელეგაცია აღშფოთებულია და სამართლიანადაც. მსგავსი ვიზიტი რეჟიმს მოუტანს პროპაგანდისტულ გამარჯვებას, ლეგიტიმაციას მისცემს ავტოკრატიას, რომელიც ყალიბდება, ამავე დროს მნიშვნელოვნად გამოუთხრის ძირს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას. თუ პია კაუმას ასე ძლიერ სურს ეს ვიზიტი, ის კერძო სტატუსით უნდა ჩავიდეს საქართველოში და არა როგორც წარმომადგენელი საერთაშორისო დემოკრატიული თანამშრომლობის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გამორჩეული ინსტიტუტისა, რომელსაც გადასახადების გადამხდელები აფინანსებენ და რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგი იქნებოდა ასეთი უხერხემლო და უპრინციპო ნაბიჯების. სუსტი ლიდერობა ქმნის ცუდ დროს. იმედი ვიქონიოთ, რომ პია კაუმამ უკეთ იცის“, - წერს ევროპარლამენტარი, რომელიც „ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა“ ჯგუფს წარმოადგენს.
კოლსის ეს პუბლიკაცია X-ზე გააზიარა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა იან კელიმ, რომელიც წერს, რომ დღეს ერთპარტიულ რეჟიმთან შეხვედრა ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა:
„არც ერთი დასავლელი მაღალჩინოსანი არ უნდა შეხვდეს საქართველოს მმართველ პარტიას, სანამ ის არ აიღებს ვალდებულებას, აღადგინოს ნდობა საკუთარი ლეგიტიმურობისადმი და ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს ხელახალი არჩევნების გზით“, - წერს იან კელი.