
შსს–ს მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან, მათ შორის უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეთა ნაწილი გააძევა, რომელიც თბილისში მიმდინარე პროტესტში მონაწილეობდა
04/01/2025 06:36:18 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების მიგრაციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბრში საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე გააძევა.
როგორც შსს–ს მიერ გავრცელებულლი ინფორმაციიდან ირკვევა, მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან, მათ შორის უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეთა ნაწილი გააძევა, რომელიც თბილისში მიმდინარე პროტესტში მონაწილეობდა.
სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"გაძევების პროცედურის ფარგლებში, ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული საქართველოდან. შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ქვეყნიდან გაძევებულ იქნენ ირანის, ალჟირის, ინდოეთის, მაროკოს, შრი-ლანკის, ეგვიპტის, პაკისტანის, ნიგერიის, ერაყის, თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქმენეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
- გაძევებულ პირთა შორის, რომელთა მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში დაიწყო გაძევების პროცედურა, არიან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ და სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები – ჯამში 25 პირი. მათგან, 10-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია.
მიგრაციის დეპარტამენტმა, 2024 წლის მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყნიდან 430 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა, რაც 126% -ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის მთავარ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“.
- 37–ე დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება.
3 იანვარს თბილისში აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილი იყო.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები კვლავ უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.
საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.
აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 500-მდე პირი, მათ შორის ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.
11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.