Accentnews.ge
აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა უარი განუცხადეს რუსეთს ავიაკატასტროფის ერთობლივ გამოძიებაზე და "შავ ყუთებს" ბრაზილიაში აგზავნიან

აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა უარი განუცხადეს რუსეთს ავიაკატასტროფის ერთობლივ გამოძიებაზე და "შავ ყუთებს" ბრაზილიაში აგზავნიან

30/12/2024 10:35:03 მსოფლიო

აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა უარი განუცხადეს რუსეთს ავიაკატასტროფის ერთობლივ გამოძიებაზე და "შავ ყუთებს" ბრაზილიაში აგზავნიან.

„ჩიკაგოს კონვენციის მე-13 დანართის სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფო, რომელიც აწარმოებს გამოძიებას, პასუხისმგებელია ფრენის ჩანაწერების გაანალიზების უზრუნველყოფაზე და იმ ქვეყნის შერჩევაზე, რომელიც მათ წაიკითხავს და გაშიფრავს. ყაზახეთი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის შავ ყუთებს ბრაზილიის საავიაციო ავარიების გამოძიებისა და პრევენციის ცენტრს (CENIPA) გაუგზავნის“, - აღნიშნულია ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, აზერბაიჯანმა უარი განუცხადა რუსეთს ავიაკატასტროფის ერთობლივ გამოძიებაზე.

„რუსულმა მხარემ ოფიციალურად შემოგვთავაზა, რომ ეს საქმე სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტს გამოეძიებია, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვით. მიზეზი გასაგებია. საიდუმლო არ არის, რომ ეს ორგანიზაცია ძირითადად რუსი ჩინოვნიკებისგან შედგება და მას რუსეთის მოქალაქეები ხელმძღვანელობენ“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, CENIPA-სთვის „შავი ყუთების“ მიწოდებისა და გაშიფვრის პროცესი აზერბაიჯანელი სპეციალისტების უშუალო მონაწილეობით განხორციელდება.

"ეს მიდგომა მიზნად ისახავს ინციდენტის გამოძიების სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს ნაბიჯი ასევე ემსახურება ინციდენტის გამოძიების ობიექტურობაში შესაძლო ეჭვების თავიდან აცილებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის შედეგების სანდოობის გაზრდას. აზერბაიჯანელი სპეციალისტების უშუალო მონაწილეობა საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით კიდევ უფრო გაზრდის გამოძიების სისრულესა და სიზუსტეს,“ - აცხადებენ აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროში.

თვითმფრინავი Embraer 190AR 25 დეკემბერს ჩამოვარდა, როცა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან რუსეთის ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ასრულებდა რეისს. თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ახლოს, ბორტზე მყოფი 67 მგზავრიდან 38 დაიღუპა.

აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო. გამოძიება გრძელდება, ამჟამად ოფიციალურ მიზეზად „გარეგანი ზემოქმედება“ სახელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S