
ხიდაშელი: ამ სანქციების პოზიციტიური შედეგი ის უნდა იყოს, რომ რეჟიმს "მკვებავები" შეუმცირდეს
27/12/2024 16:50:31 პოლიტიკა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "სამოქალაქო იდეის" დამფუძნებლის თინა ხიდაშელის შეფასებით, აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მკაფიო პასუხია მათთვის, ვისაც არჩევნებამდე აიმედებდა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე. 27 დეკემბერს აშშ-მა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
"თავად ივანიშვილთან დაკავშირებით პოზიტიურად რომ იმუშავებს ეს სანქციები, ამის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს - არავინ უნდა შევიდეს შეცდომაში და რაიმე კარგს მისგან არავინ უნდა დაელოდოს: ვფიქრობ, ის კიდევ უფრო გაბრაზდება და კიდევ უფრო უკონტროლო გახდება, მაგრამ ვფიქრობ, პოზიტიური შედეგი, რომელიც ამ სანქციებით მოდის, ყველაზე საუკეთესოდ გამოჩნდა „იმედის“ პატრონი რუხაძის განცხადებებში. როგორც ვიცით ჩვენ, კობახიძესთან შეხვედრაზე მთავარი თემა, რომელზეც ის საუბრობდა და რაც აინტერესებდა იქ შეკრებილი ბიზნესმენების უმრავლესობას იყო იმაზე, რომ არჩევნებამდე ივანიშვილი მათ პირდებოდა (რამდენიმე შეხვედრა იყო), რომ სანქციები არ იქნებოდა. არჩევნების შემდეგ მათ აღარ ხვდება. ისინი პირადად ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ და პასუხს კითხვაზე, რა ხდება სანქციებთან დაკავშირებით და სად დაქრა ის დაპირებები, რომელსაც მათ ივანიშვილი აძლევდა. უშუალოდ ივანიშვილის დასანქცირება არის საუკეთესო პასუხი ამ კითხვაზე, პრობლემაზე, რომლის წინაშეც ეს ხალხი დგას - ყველაზე ნათლად ამ ქმედებაში დაინახავდნენ ისინი, რომ როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, წამებას და იმ რეჟიმის დაფინანსებას, რომელიც ადამიანების წამებით და ახალგაზრდების ცემით არის დაკავებული, რომელიც თავზე იხევს ყოველდღიურად კონსტიტუციას და არაფრად აგდებს სამართლებრივ წესრიგს, იმ ადამიანების წინააღმდეგაც, რომლებიც ამ რეჟიმს კვებავენ, აუცილებლად იქნება სანქციები. შესაბამისად, ჩემი აზრით, პოზიციტიური შედეგი ამ სანქციების ის უნდა იყოს, რომ რეჟიმს მკვებავები უნდა შეუმცირდეს. შესაძლოა კომენტარები არ აკეთონ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ისინი უნდა შემოეცალონ ამ რეჟიმს თუკი, რა თქმა უნდა, თვითგადარჩენის ინსტიქტი აქვთ - ეს იქნება პირველი შედეგი ამ სანქციების. ასევე, იგივე შეგვიძლია, ვთქვათ, საშუალოზე ცოტა ზედა რგოლის საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, რომლებიც ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ სერიოზულად დაფიქრდებიან იმ ტყუილზე, რომელიც გადაყლაპეს ივანიშვილისგან ნათქვამი არჩევნებამდე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა“,- ამბობს თინა ხიდაშელი.
27 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციები დაეკისრა ბიძინა ივანიშვილს - საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს - "საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირის გამოთხრისთვის".