Accentnews.ge
ჩიკვაიძე - გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანზე: არასრულწლოვანი შვილებით ემუქრებოდნენ

ჩიკვაიძე - გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანზე: არასრულწლოვანი შვილებით ემუქრებოდნენ

27/12/2024 08:22:41 საზოგადოება

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელსაც ასევე გადაუხადა მადლობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ქვეყნის ოჯახთან ერთად დატოვებისას, ამბობს, რომ შსს-ს უკვე ყოფილ მაღალჩინოსანს ემუქრებოდნენ. შაიშმელაშვილი თანამდებობიდან 4 დეკემბერს გადადგა - საპოლიციო ძალების მხრიდან დემონსტრანტებზე სასტიკი ძალადობის ფონზე, რომელსაც უფლებადამცველები წამებად აკვალიფიცირებენ.

"ადამიანს ეყო გამბედაობა, გადაედგა ასეთი ნაბიჯი ქვეყნის სიყვარულით და არ გამხდარიყო ამ მოძალადე რუსული რეჟიმის თანამონაწილე. ეს დასაფასებელია",- თქვა ბიზნესმენმა.

ბიზნესმენი ამბობს, რომ მისი ჩართულობა შეეხებოდა ძირითადად მის კონტაქტებს აშშ-სთან.

"ძირითადად ამ ნაწილში ვიყავი ჩართული. დღეს ირაკლი აშშ-შია ოჯახთან ერთად, უსაფრთხოდ, რადგან მისი და მისი ოჯახის ყოფნა საქართველოში არ იყო უსაფრთხო და ამისთვის რეალური მიზეზები არსებობდა, შესაბამისი ფაქტებიც ამყარებდა ამ ყველაფერს. ჩემი ინფორმაციით, მუქარა ხორციელდებოდა მასზე",- თქვა ბიზნესმენმა.

ჩიკვაიძე ამბობს, რომ შაიშმელაშვილის წინააღმდეგ მუქარები პატაკის დაწერის დღიდანვე დაიწყო:

"ეს მუქარები არ იყო სტანდარტული - აქ საუბარი იყო მისი არასრულწლოვანი შვილების სიცოცხლის ხელყოფაზე....რეჟიმს ჰქონდა გარკვეული მცდელობები მის მიმართ გარკვეული საქმის საქმის წარმოებების დაწყებისაც, თუმცა მათ დააგვიანდათ მოქმედება".

მისი თქმით, აშშ იყო "ევაკუაციის" (როგორც თავად აფასებს ყოფილი მაღალჩინოსნის ქვეყნიდან გასვლას) პროცესში ჩართული, "პირველ რიგში, აშშ-ის საელჩო და თეთრი სახლი, თავისთავად".

"ახლო მომავალში მეტს გაიგებს საზოგადოება. ამ ქვეყანაში დაფარული არ დარჩება. რუსეთი საქართველოში ვერასოდეს გაიმარჯვებს",- დასძინა ბიზნესმენმა.

26 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ირაკლი შაიშმელაშვილმა ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"ამ ეტაპზე მინდა, შემოვიფარგლო მხოლოდ მადლობით. გიორგი ჩიკვაიძე, სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ის საელჩო. განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო.

P.S. მალე დაგიბრუნდებით", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S