Accentnews.ge
ბალტიის ზღვაში ამჯერად ფინეთ-ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი დაზიანდა

ბალტიის ზღვაში ამჯერად ფინეთ-ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი დაზიანდა

26/12/2024 07:37:24 მსოფლიო

ბალტიის ზღვაში ამჯერად ფინეთ-ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი Estlink 2 დაზიანდა, რის გამოც ფინეთსა და ესტონეთს შორის ელექტროენერგიის გადაცემა შეწყდა. კაბელი 25 დეკემბერს დღისით გაწყდა.

ფინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ინციდენტი ენერგომომარაგების შეზღუდვას არ გამოიწვევს.

ელექტროენერგიის ქსელური გადაცემის ფინური კომპანია Fingrid დივერსიას არ გამორიცხავს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, რაიონში, სადაც კაბელი დაზიანდა, ორი გემი იმყოფებოდა - ჰონგ-კონგის დროშით მცურავი Xin Xin Tiang 2 და კუკის კუნძულების დროშით მცურავი Eagle S.

ფინეთის პოლიცია სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად იძიებს კაბელის დაზიანებასთან ამ გემების შესაძლო კავშირსაც.

ფინეთის მედიასაშუალებები საზღვაო მონიტორინგის სისტემა MarineTraffic-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ ტანკერი Eagle S რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგიდან ეგვიპტისკენ მიემართებოდა. ბრიტანული გამოცემა Lloyd's List-ის თანახმად, ეს ტანკერი ნაწილია ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის, რომელიც სანქციების გვერდის ავლით ახდენს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას.

Lloyd's List-ის ცნობით, რუსეთთან მჭიდრო კავშირი აქვს მეორე სატვირთო გემის, Xin Xin Tiang 2-ის მფლობელ კომპანიასაც.

ცნობისთვის: 2024 წლის 17 ნოემბერს ბალტიის ზღვაში დაზიანდა ფინეთის და შვედეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ვერსია იყო დივერსია, თუმცა 3 დეკემბერს შვედეთის პოლიციამ განაცხადა, რომ წინასწარი შედეგებით, ინციდენტი არ გამოუწვევია განზრახ ქმედებას და სავარაუდოდ, სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდებოდა.

18 ნოემბერს ბალტიის ზღვაში დაზიანდა გერმანია-ფინეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელიც. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ეს, სავარაუდოდ, დივერსიის შედეგი იყო. გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების ორივე შემთხვევის დროს ბალტიის ზღვის ამ რაიონში იმყოფებოდა ჩინეთის გემი Yi Peng 3, რომლის კაპიტანი რუსეთის მოქალაქეა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S