Accentnews.ge
აზერბაიჯანის თვითმფრინავის კატასტროფა სავარაუდოდ, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედებამ გამოიწვია

აზერბაიჯანის თვითმფრინავის კატასტროფა სავარაუდოდ, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედებამ გამოიწვია

26/12/2024 05:19:30 მსოფლიო

აზერბაიჯანის თვითმფრინავის კატასტროფა, რომელიც ყაზახეთში ჩამოვარდა, სავარაუდოდ, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედებამ გამოიწვია.

ეს ვერსია აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელებსა და რუს სამხედრო ბლოგერებსა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტებს შორის მას შემდეგ, რაც გავრცელდა კატასტროფის რაიონში გადაღებული ვიდეოკადრები.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ თვითმფრინავს აქვს დაზიანებები, რომლებიც შესაძლოა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ზემოქმედების შედეგი იყოს.

როგორც BBC წერს, ვერსია ლოგიკურია, თუმცა, ჯერჯერობით არ არის დადასტურებული ისეთი სამსახურების მიერ, რომლებიც საჰაერო სივრცეს მეთვალყურეობას უწევენ და რაკეტების გაშვების დაფიქსირება შეუძლიათ.

აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავმა Embraer 190, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, კატასტროფა 25 დეკემბერს, დილით განიცადა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტში დაშვების მცდელობისას.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო საგენტოების თანახმად, გროზნოს აეროპორტმა თვითმფრინავი ძლიერი ნისლის გამო ვერ მიიღო და გაგზავნა დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტისკენ, სადაც უამინდობის გამო დაშვება ისევ ვერ მოხერხდა და თვითმფრინავმა გეზი ყაზახეთისკენ აიღო.

სამგზავრო თვითმფრინავში, რომელიც ნაწილებად დაიშალა, 67 ადამიანი იმყოფებოდა - აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მოქალაქეები.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრეს–სამსახურის ცნობით, ყაზახეთში თვითმფრინავის კატასტროფისას გადარჩენილთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელმაც ავიაკატასტროფის გამო სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ დსთ-ს ლიდერთა არაფორმალურ სამიტში მონაწილეობა შეწყვიტა და რუსეთიდან ბაქოში დაბრუნდა, 25 დეკემბერს განაცხადა, რომ არსებობს არაერთი ვერსია და კატასტროფის გამომწვევ კონკრეტულ მიზეზზე საუბარი ჯერ ნაადრევია და მას გამოძიება დაადგენს.

კატასტროფის ვერსიებად ასევე განიხილება ფრინველების გუნდთან თვითმფრინავის შეჯახება და ტექნიკური გაუმართაობა.

26 დეკემბერი აზერბაიჯანში გლოვის დღედაა გამოცხადებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S