
თბილისში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის დირექტორი ჩამოვიდა
19/02/2020 19:06:35 საგარეო პოლიტიკა
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის დირექტორი კრის სოჩა თბილისს ეწვია. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ცნობით, სტუმარმა რიგი შეხვედრები გამართა და ქვეყნის ლიდერებთან „საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე“ ისაუბრა.
„ის შეხვდა პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას, მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემოს განსახილველად. ყველა შეხვედრაზე ბატონმა სოჩამ ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, შეხვედრებზე კონკრეტულად წამოჭრა საკითხი რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე. ამასთან, კრის სოჩამ ლიდერებთან შეხვედრებზე ისაუბრა „საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე და ჩამოიტანა სენატის კომიტეტის თავმჯდომარის სენატორ ჯიმ რიშის მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას“ - ნათქვამია დღეს გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.