
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას ხვდება
24/12/2024 13:40:56 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლებს, აქტივისტებს და არასამთავრობო სექტორის წევრებს ხვდება.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
"სალომე ზურაბიშვილს გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს, თუ რა ვითარებაში შეიძლება ჩატარდეს ახალი არჩევნები, ანუ, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს -სამართლებრივი დასაბუთება გვაქვს იმ მოდელის, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები , - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, „ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ ახალი რეალობაა ქვეყანაში - დადასტურდა, რომ არჩევები ჩატარდა არაკანონიერად, უსამართლოდ და ამ არჩევნებს ვერ ექნება ლეგიტიმაცია".
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც განაცხადა, რომ საუბარი არჩევნებს შეეხება:
„სათქმელი იგივეა და პოზიცია არის იგივე, ქვეყანაში გვყავს ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი და მოთხოვნა არის იგივე, ახალი არჩევნების დანიშვნა და სასწრაფოდ ყველა პოლიტპატიმრის გამოშვება, ნაწამები ადამიანების გამოშვება. თქვენ იცით, რომ უკვე მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება და ის ფაქტი, რომ ჩვენი მომიტინგეები არიან ნაწამები, არა თუ უბრალოდ დაპატიმრებული და დასახიჩრებული, ეს უკვე საერთაშორისო დონეზე არის დამტკიცებული, ამიტომ სასწრაფოდ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ეს ხელეწიფება, ამ არალეგიტიმურ მთავრობას, რომ სასწრაფოდ გამოუშვან ჩვენი ახალგაზრდები გარეთ“.
„საქართველოსთვის“ წევრ დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, შეხვედრაზე იმსჯელებენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მექანიზმებზე.
„დღევანდელი შეხვედრა უკავშირდება იმას, რაზეც ჩვენს მოსაზრებებში არანაირი განსხვავება არ არის, ეს არის დაპატიმრებული ადამიანების განთავისუფლება უპირობოდ, მათ შორის, სისხლის სამართლებრივი დევნაც უნდა შეწყდეს. მეორე - ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ არჩევნები ჩატარდეს და არჩევნები უნდა აკმაყოფილებდეს საბაზისო დემოკრატიულ სტანდარტებს. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იმ ინსტიტუტების განეიტრალება, რომლებიც იპარავენ არჩევნებს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მხოლოდ პარლამენტის დათხოვნასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაში ხედავს გამოსავალს ახალი არჩევნების კონტექსტში. თუმცა იქვე ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.
„სახალხო პროტესტის მიმართულებით არავის არაფერი სალაპარაკო არ აქვს. დღეს რომ პოლიტიკოსებზე ლაპარაკობენ, ეს სამართლიანია, იქიდან გამომდინარე, თუ რა ჩანს. მაგრამ პოლიტიკოსები ბევრი საქმით არიან დაკავებულები და ყველაფერი არ ჩანს. სამაგიეროდ, შედეგებს ვხედავთ, მათ შორის სანქციების, არაღიარების და ა.შ. სახით. თუმცა საბაზისო მნიშვნელობა ყველა გადაწყვეტილებისთვის, რაც არსებობს და რაც კიდევ იქნება მიღებული, სახალხო პროტესტია, რადგან ძალაუფლება ხალხისაა და მას ეს ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს. ხალხი ამ ძალაუფლებას იბრუნებს. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსებმა პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ აუცილებლად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახალხო პროტესტზე დგომა ან ამის მხარდაჭერა ჩვენი, როგორც მოქალაქეების მხრიდან, საკმარისია. ვერ გეტყვით დღეს ვნახავთ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ჩვენ, პოლიტიკური პარტიები ამ წუთას ამ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. ამ წუთას გადაწყვეტილების მიმღები საქართველოს პრეზიდენტია.
ჩემთვის ერთი რამ ნათელია და ჩემი პირადი პოზიციაა - პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები! სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ამაზე ვხედავ რეაქციას „ქართული ოცნების“, რომელიც აცხადებს, რომ ამის გამო ყველას დაიჭერს. „ქართული ოცნების“ რეაქციები ცხადყოფს, რისი ეშინიათ მათ რეალურად“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.