Accentnews.ge
„ჩემი და თალაკვაძის ინტერესები იყო საერთო – როგორ შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა"

„ჩემი და თალაკვაძის ინტერესები იყო საერთო – როგორ შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა"

19/02/2020 14:03:46 საშინაო პოლიტიკა

„ჩვენი ინტერესები იყო საერთო – როგორ შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა“, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე და მითხრა, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურდა. არც კი მიფიქრია, რომ რაიმე პრობლემა შეიძლება, იყოს საუბარი. მას აინტერესებდა ის, რაც რეალურად მეც მაინტერესებდა. ჩვენი ინტერესები იყო საერთო – როგორ შეიძლება პოლიტიკური ტემპერატურის დაბლა დაწევა ქვეყანაში. მან მოისმინა ჩემი აზრი და მე ვუთხარი, რაც იყო ამისთვის საჭირო. მას აინტერესებდა ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაწევს ქვეყანაში დაძაბულ პოლიტიკურ ტემპერატურას“, – განაცხადა ხვიჩიამ ტელეკოპმანია „პირველის“ ეთერში.

"გორჩელის" მტკიცებით, მან თალაკვაძეს განუცხადა, რომ „პოლიტიკური ტემპერატურის დასაწევად პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემაზე “ქართული ოცნების” დაპირების შესრულებაა აუცილებელი“:

„სიტყვა უნდა შესრულდეს მეტწილად მაინც, რომ მე მქონდეს საშუალება და ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდეთ საშუალება თქვან, ჩვენ გავაგრძელეთ ხელისუფლებასთან საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ პირობა მეტნაკლებად შესრულებულია და ჩვენ დავივიწყოთ საუბარი იმაზე, რომ გადაგვაგდეს. ჩვენ თუ პარალელურად ვსაუბრიბთ იმაზე, რომ გადაგვაგდეს, იმაზე, რომ ხელისუფლებასთან ლაპარაკი არ ღირს, მაშინ საუბარი არის შეუძლებელი”, – აღნიშნა ხვიჩიამ.

ამასთან, მისივე მტკიცებით, “გირჩის” და ოპოზიციური ერთობის პოზიციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თანხვედრაშია:

„ოპოზიციას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სწორი მოთხოვნები აქვს. მე მათ ვუერთდები, მათთან ერთად ვარ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ როდესაც ვინმეს ჩემთან შეხვედრა და საუბარი აინტერესებს, იმათ არ ვესაუბრები. თუმცა რაც შეეხება იმას, რომ მე მათ მაგივრად მივდივარ თუ არა ისეთ პირობებზე, რაც ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ ლეობორისტული პარტიის ოფისში, არა. მსგავსი რამე არც მიფიქრია”.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ამჟამად „ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილის დაკვირვებით, „ქართული ოცნება“ «გეგმა B»–ზე გადასვლას ცდილობს»:

„ქართული ოცნება“ ყველა გზითა და საშუალებით შეეცდება პარლამენტში დაკარგული საკონსტიტუციო უმრავლესობის აღდგენას ერთი კენჭისყრისთვის. თალაკვაძემ შეერთებულ შტატებში დაინახა, რა დამოკიდებულება აქვს ყველა ჩვენს მეგობარს საქართველოსთან დაკავშირებით. ახლა ხელისუფლება ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცვლილება აუცილებლად სჭირდება. სხვა შემთხვევაში მათ ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი «ყვითელ ბარათს უჩვენებს». თვლიან, რომ მოლაპარალებების მაგიდასთან განხილულ სისტემებზე წასვლა მათთვის სახიფათოა, ასევე პრესტიჟის საკითხიცაა: თვლიან, რომ პოლიტიკურად წააგებენ, თუ მსოფლიოს ზეწოლის შემდეგ ჩვენს მიერ ინიცირებული წინადადების გაზიარება მოუწევთ, რაც თავისთავად იყო მათ მიერ პროპორციული სისტემის უკან წაღების შემდეგ სიტუაციის გადარჩენის მცდელობა. ამიტომ ახლა ივანიშვილი გადაერთო სხვა გეგმაზე: მას სურს, საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტს შიგნით შეაგროვოს 100–50–ზე მცირე მოდიფიკაციაზე – 110–40–ზე, ასევე ბარიერის დაწევის ან გაუქმების შემოტანით ისევ გაითამაშოს ის, რაც თავის დროზე - ზაფხულში გააკეთა: თითქოს დემოკრატია, სინამდვილეში კი ოპოზიციურ პარტიებში დეზინტეგრაციის პროცესს შეუწყობს ხელს, ხოლო შემდეგ ამას უცხოეთში კონსტრუქციულ ოპოზიციასთან შეთანხმებად გაასაღებს“.

უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ ცვლილებების კონტექსტში მან პროცესში ჩართულ პოლიტიკურ ფიგურებს სხვა მოთხოვნები წაუყენოს:

„ამ ნაბიჯს ის უმსხვერპლოდ ვერ გადადგამს, რადგან თითოეული მანდატი, რომელიც აკლდება მაჟორიტარულს და ემატება პროპორციულს, მისთვის [ივანიშვილისთვის] მძიმე გადასატანია. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ცვლილებების პროცესში მას ჰქონდეს სხვა მოთხოვნები ყველასთან, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებზე წავა. კერძოდ, ის, რომ 2020–დან 2024–მდე პერიოდში თუ ვადამდელი არჩევნები გახდა საჭირო, იქაც ახლა შემუშავებული მოდელი ამუშავდეს და არა პროპორციული, როგორც ახლა კონსტიტუციაშია. და შექმნის არგუმენტს, „73–77–ს ხომ სჯობია, მაგალითად, 110–40–ზეო?“. ამდენად, არ გამოვრიცხავ, ამაზე იყოს გადართული მთელი მცდელობები და თალაკვაძის რიხიანი დაპირებაც ამასვე უკავშირდებოდეს. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის გაუქმების ნაწილს, ვეჭვობ, მას ვინმემ დაუჭიროს მხარი, გარდა ივანიშვილის ერთგული 90–მდე ადამიანისა“.

უსუფაშვილის ვერსიით, ივანიშვილი ამ გეგმით საერთაშორისო პარტნიორებისგან ტონის შერბილებას ელის:

„ახლა ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოპოზიციის რაიმე ნაწილთან რაიმე შეთნხმების მიღწევა და ეს რაღაც ნაწილი შეიძლება, მოგვევლინოს 12–პარტიულ ერთობად. პარლამენტში არიან ერთ და ორკაციანი პარტიები, რომლებიც ახლა შესაძლოა, ისევ პარტიებად გაცოცხლდნენ და ა.შ. ივანიშვილის ამოცანაა, უკიდურესად გართულებული ვითარება გამოისწოროს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. საერთაშორისო საზოგადოებიდან ელის შეფასებას, „რაღაც ნაბიჯები გადაიდგაო“. მეორეს მხრივ, იგი შეეცდება, მთელი დანარჩენი ოპოზიცია მარგინალებად, რევანშისტებად და რევოლუციონერებად მონათლოს“.

ცნობისთვის: გუშინ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ცალკეულ პარტიებთან შეხვედრები გამართოს და საარჩევნო სისტემაზე იმსჯელოს:

„მე კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ დიალოგი არის მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს, არ არის აუცილებელი, რომ ყველა ერთ შეხვედრაზე იყოს წარმოდგენილი. ჩვენ მზად ვართ სხვადასხვა პარტიასთან ცალკეული შეხვედრები გავმართოთ და ვიმსჯელოთ საარჩევნო სისტემაზე. ეს ყველაფერი არის სამსჯელო და ამის განხილვა უნდა მოხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მმართველი გუნდი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და მომავალ საარჩევნო სისტემაზე სასაუბროდ. თუ ვერ მოხდება შეთანხმება და კონსენსუსი, არჩევნები ჩატარდება არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, შერეული საარჩევნო სისტემით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S