
ოპოზიცია: ვუერთდებით პრეზიდენტის განცხადებას, არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს
23/12/2024 09:00:55 პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, ირაკლი კუპრაძემ, გიორგი ვაშაძემ და ზურა ჯაფარიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ისინი სრულად იზიარებენ პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით.
"ეუთო/ოდირის დასკვნამ საბოლოო დაადასტურა, რომ არჩევნები ახლიდან არის ჩასატარებელი საქართველოში. არ არსებობს არც ერთ კომპონენტი, რომლითაც შეიძლება, ეს არჩევნები რაიმენაირად ჩაითვალოს ჩატარებულად. ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუერთდებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს. ჩვენ მზად ვართ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის მეშვეობით მოხდეს არჩევნების თარიღსა და კონკრეტულ პირობებზე შეთანხმება", - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
22 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება არჩევნებში მონაწილე პარტიებს, დამკვირვებელ ორგანიზაციებს, ასევე ბიძინა ივანიშვილს, რათა ისაუბრონ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები.
"მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. არჩევნების რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29 რიცხვამდე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.