
გერმანიის ელჩი –კობახიძის განცხადებაზე: ბრიუსელში ვაღწევთ შეთანხმებებსა და კომპრომისებს, რომლებიც ეყრდნობა პატიოსნებასა და ნდობას
18/12/2024 14:22:45 პოლიტიკა
"ევროკავშირის რაც შეეხება. ბრიუსელში არ მივდივართ ეროვნული ინტერესების დასაცავად. ვაღწევთ შეთანხმებებსა და კომპრომისებს, რომლებიც ეყრდნობა პატიოსნებასა და ნდობას, რაც ღირებულებას ზრდის და სარგებელი მოაქვს ყველა წევრისთვის კოლექტიურად. ეს არის “ევროპული სული”, – ასე ეხმიანება საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ირაკლი კობახიძის მიერ 17 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას.
ცნობისთვის: 17 დეკემბერს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 16 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოზე, მათ შორის რუმინეთმა ქართველი ხალხის ინტერესები დაიცვა:
„მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის საჯაროდ გახდა ცნობილი 5 ქვეყნის თაობაზე, თუმცა საბჭოს შემდეგ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრები აკეთებდნენ სანქციების საწინააღმდეგო განცხადებებს ბრიფინგებზე, თუ ინტერვიუების დროს.
„შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგვიანებით კობახიძის განცხადებას ესპანეთის, რუმინეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროები გაემიჯნენ.