
„კანონმდებლობაში გააზრებული ცვლილებებისთვის კონსენსუსი სწრაფად უნდა მოიძებნოს, რადგან შესაძლებლობების ფანჯარა იხურება“
19/02/2020 08:12:16 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში „გააზრებული ცვლილებებისთვის კონსენსუსი სწრაფად უნდა მოიძებნოს, რადგან შესაძლებლობების ფანჯარა იხურება“.
„ამჟამად სიტუაცია ძალიან რთულია. დრო იწურება. კანონმდებლობაში გააზრებული ცვლილებები რომ განხორციელდეს, საჭიროა საერთო საფუძველი მოიძებნოს მალე, რადგან შესაძლებლობების ფანჯარა იხურება. ჩვენ ვრჩებით ჩართულები ყველა მხარესთან, რომ ვნახოთ, რა შესაძლებლობები არსებობს. დარწმუნებული ვართ, რომ დიალოგის წარმატებით დასრულება ქვეყანაში არსებული ძალიან მწვავე პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი ჩაიშალა.