
"კირკიტაძემ ბრალი აღიარა"
31/05/2019 10:06:08 სხვა, სამართალი
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პატიმრობაში მყოფმა დავით კირკიტაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა, – ამის შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლოდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
როგორც დავით კირკიტაძემ განაცხადა, ის პატივს სცემს პოლიციის ინსტიტუტს.
ამასთან, დაცვისა და ბრალდების მხარეები შეთანხმდნენ საპროცესო გარიგებაზე და არ არის გამორიცხული, მოსამართლემ დავით კირკიტაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს.
დავით კირკიტაძის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით არის აღძრული, რაც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, დავით კირკიტაძე შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების გამო 2018 წლის 17 დეკემბერს გურჯაანში დააკავა. ამ დროს ის თანაგუნდელთან, ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდა.