
ბრიტანეთის პარლამენტში "იმედის" მფლობელი კომპანიის წინააღმდეგ გამოძიების საკითხი წამოწრეს
12/12/2024 16:02:57 პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში დეპუტატმა ბლერ მაკდუგალმა ქართული სამთავრობო არხის "იმედის" მფლობელი კომპანიის - Hunnewell Partners-ის წინააღმდეგ ბრიტანეთში გამოძიების დაწყების განხილვის საკითხი წარადგინა.
მაკდუგალმა თემთა პალატის ლიდერს ლუსი პოუელს მიმართა კითხვით, თანახმაა თუ არა, რომ საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს (NCA) მხრიდან Hunnewell Partners-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საკითხის განსახილველად დრო გამოიყოს, რადგან "იმედი" ამ სასტიკი მთავრობის პროპაგანდის მთავარი საშუალება". მაკდუგალმა ხაზი გაუსვა, რომ ტელეკომპანია „იმედი” იმართება ბრიტანეთიდან, კომპანია Hunnewell Partners-ის მეშვეობით.
მაკდუგალის საპასუხოდ პოუელმა საკითხის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა, აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლების ქმედებების დაგმობას განაგრძობს და მიუთითა, რომ მანამდე თემთა პალატის რიგითი წევრების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ ბლექმენი ამ თემასთან დაკავშირებულ დებატებზე საუბრობდა:
„მინდა, მადლობა ვთქვა ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის წამოწევისთვის. მთავრობა აგრძელებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, შეაჩერონ დემოკრატიული ნორმებისგან გადახვევა და დასავლელი პარტნიორებისგან იზოლაცია. ჩვენ კვლავ ვგმობთ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალაუფლების გადამეტებულ გამოყენებას.
ის აყენებს მნიშვნელოვან საკითხს ამ სფეროში მოქმედი კომპანიების შეჩერების შესახებ. ვფიქრობ, მოვისმინე ბიზნესკომიტეტის თავმჯდომარე, რაც, ვფიქრობ, ძალიან კარგი გეგმა იქნებოდა მისთვის ამ საკითხის დასაყენებლად”.
Hunnewell Partners-ს ტვ „იმედი” ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა 2021 წელს გადასცა.
საქართველოში Hunnewell Partners მცირე აქციონერია კომპანიებში: „მაგთიკომი”, „ბორჯომი”, „ლიბერთი ბანკი”, რუსთავის მეტალი”.
ირაკლი რუხაძე როგორც „იმედის”, ისე სხვა ჩამოთვლილი კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოს წევრია როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებშიც.